პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და ეს საკითხი დახურულია.
მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა გონივრული და სამართლიანი კომპრომისის მისაღწევად.
“ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამაზე ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. ეუთო/ოდირის დასკვნები, მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით? რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, რა თქმა უნდა, გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ დავიტოვო ოპტიმისტური მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი, პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როცა მათ ჩაშალეს რეალურად დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომ გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული. ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს, 29 მარტს, ღარიბაშვილი საქართველოში მედიაციისთვის მეორედ ჩამოსულ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს შეხვდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.
გუშინ, 28 მარტს მან შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.
17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.