ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სასურველია, დიდი ჰესები სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდეს

29 მარტი, 2021 •
ღარიბაშვილი: სასურველია, დიდი ჰესები სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ჰიბრიდული ომის ნიშნებს შეიცავს.

ღარიბაშვილის თქმით, მისთვის გასაგებია მოქალაქეების ნაწილის გულწრფელი პროტესტი “ნამახვან ჰესთან” დაკავშირებით და საჭიროა მეტი კომუნიკაცია, თუმცა ჰესის წინააღმდეგ კამპანიაში ასევე ჩართული არიან “ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგი უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები”.

“დღეს ჩვენ ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს, ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის დამოუკიდებლობასთან. მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და ჩვენ გავზარდეთ იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ჰესების მშენებლობა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მაგალითად მოიყვანა შვეიცარია, სადაც 600 დიდი და საშუალო ჰესია, აქედან 350 -კაშხლიანი ჰესი. ასევე, დაასახელა იტალიის, გერმანიის, ნორვეგიის და იაპონიის მაგალითები.

“ენგურჰესის” კაშხალი შეადგენს 270 მეტრს, “ნამახვანის” კაშხლის სიმაღლე კი სულ რაღაც 10 მეტრია. დიდი და საშუალო ჰესების გარდა, ისტერია დაიწყეს მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც. რეალურად ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად აგორებულ ტალღას. ეს უნდა დასრულდეს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციის ფარგლებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობაში დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ “დიდ ჰესებში სასურველია, სახელმწიფოც ჩაერთოს და სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდეს ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიცაა “ნენსკრა” და “ხუდონჰესი”.

ამავე თემაზე:

რას პასუხობს ეკონომიკის მინისტრი EMC-ის კითხვებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი