ახალი ამბები

კრისტიან დანიელსონი პარტიებს ჯერ ინდივიდუალურად შეხვდება

29 მარტი, 2021 •
კრისტიან დანიელსონი პარტიებს ჯერ ინდივიდუალურად შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს, 29 მარტს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად შეხვდება.

როგორც ცნობილია, დანიელსონი ჯერ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვდება, შემდეგ კი, “ნაციონალური მოძრაობისა” და რესპუბლიკური პარტიის წევრებს.

დღეს დილით დანიელსონი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს.  როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.

გუშინ, 28 მარტს მან შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.

17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი