კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებში გასულ წელს შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
კოალიცია დასძენს, რომ ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ერთობლივი დასკვნა 22 მარტს გახდა ცნობილი, თუმცა “ამ დრომდე არ გაკეთებულა საპასუხო განცხადებები კრიტიკული რეკომენდაციების გათვალისწინების ვადებსა და პროცედურებზე”.
“კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციების შეფასებით, მედიის თავისუფლება, ბოლო წლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, არაერთხელ დადგა რისკის ქვეშ. თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მცდელობა არ აღმოჩნდა საკმარისი უარყოფითი ტენდენციების შესაჩერებლად.
შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიის მითითებების ფონზე, სახელმწიფომ აღიაროს მედიის თავისუფლების როლი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში და შეიქმნას კანონით დადგენილ მკაფიო გარანტიები გამოხატვის თავისუფლებით დამოუკიდებლად სარგებლობის მიზნით. მათ შორის:
– „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი – შეიცვალოს 11 (1) მუხლის და 46 (1) მუხლის დეფინიცია;
– “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი – გაძლიერდეს თვითრეგულირების ორგანოს მუშაობისათვის საჭირო მექანიზმები;
– „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი – საქართველომ სარეკლამო ბაზრის რყევებიდან გამომდინარე, გადახედოს საზოგადოებრივი მაუწყებლებში რეკლამის დაშვების გადაწყვეტილებას;
– „ბავშვთა კოდექსი“ – გადაიხედოს დადგენილი რეგულაციები და დაიწყოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქციების აღდგენა;
– ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ( FOI კანონმდებლობა);
– აუდიოვიზუალური ჩარჩო ხელშეკრულების იმპლემენტაცია; – ჟურნალისტთა დარღვეული უფლებების აღდგენა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სტიმულირება;
– შეწყდეს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
– შეიცვალოს სასამართლოში ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღების წესები”, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კოალიცია კვლავ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:
“-შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
-შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
-შეწყვიტონ კომუნიკაციების კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით”.
კომუნიკაციების კანონში ცვლილებები 2020 წლის ივლისში, 46-ე პრიმა და მე-11 მუხლებში შევიდა.
ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ მიმდინარე წლის 20 მარტს გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის ივლისში მიღებული ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ცვლილებების შესახებ .
ვენეციის კომისიის მიხედვით, განხორციელებულ ცვლილებებს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების იურიდიულ და ეკონომიკურ ჩარჩოსა და კონკურენტული გარემოს რეგულირების პრინციპებზე.
ამასთან, კომისიის თქმით, ცვლილებები აძლიერებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC), როგორც პასუხისმგებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებებს.