თბილისის მერს, კახა კალაძეს, ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ, მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კარდიოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა.
მისი თქმით, კალაძეს აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია.
“ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს.
სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას.
აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს,”- ამბობს ფაღავა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კალაძე თავს უკეთ გრძნობს და მკურნალობის ფონზე აღინიშნება დადებითი დინამიკა.
კახა კალაძემ 26 მარტს ფეისბუქზე დაწერა, რომ ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა, რის გამოც ბოლო პერიოდში ვერ აქტიურობს.