სოციალური აგენტების ნაწილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართეს და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა მოითხოვეს.
საუბარია დაახლოებით 90-მდე ადამიანზე, რომლის ინტერესებსაც პროფესიული კავშირი „სოლიდარობის ქსელი“ იცავს. სოცაგენტები ამბობენ, რომ სამუშაოზე, რომელიც ემოციურად და ფიზიკურად რთულია, იმდენად მცირედი ანაზღაურება აქვთ, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწროდ, თავად გახდებიან სოციალურად დაუცველები.
სოცაგენტების მოთხოვნები შემდეგია:
- გაიზარდოს შესრულებული ერთეულის ღირებულება 12- წლიანი ინფლაციისა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სხვა გარემოებების გათვალისწინებით და გახდეს დარიცხული 12 ლარი, უფროსი სოცაგენტის შემთხვევაში- 15 ლარი;
- გამოიყოს გზის ხარჯი შესრულებული ერთეულების ოდენობის მიხედვით. 1 ერთეული 4.5 ლარი;
- მოგვეცეს ჩვენივე ბენეფიციარებთან გათანაბრებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
- მოხდეს პროფკავშირის აღიარება და გაფორმდეს ორგანული კანონის, შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი უფლების შესაბამისად კოლექტიური ხელშეკრულება პროფკავშირის იურისტის ჩართულობით;
- ხელშეკრულებების ვადა დარეგულირდეს ასევე შრომის კოდექსის მიხედვით, ვისაც ეკუთვნის უვადო ხელშეკრულება, ხოლო ვისაც არა, გაუფორმდეს მინიმუმ 1-წლიანი კონტრაქტი;
- ხელშეკრულებაში დამსაქმებლის ვალდებულებებში შევიდეს ცვლილება. სააგენტომ იტვირთოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული აგენტის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა;
- გაიზარდოს სპეციალისტებისა და უფროსი სპეციალისტების ანაზღაურება 12-წლიანი ინფლაციისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით;
- მანამ, სანამ სააგენტოს მიზეზით მკვეთრად შემცირებულია დავალებები და, შესაბამისად, ხელფასი, გაიცეს 200-ლარიანი დანამატი.
„ჩვენ ველოდებით, რომ დაინტერესდება პრემიერ-მინისტრი და სულ მცირე, შეგხვდება მაინც, რომ პრობლემები გავაცნოთ. ამასთანავე, ჩვენ მივმართეთ შრომის ინსპექციას და დაუყოვნებლივ ველოდებით, რომ შევა სოციალური მომსახურების სააგენტოში და დაიწყებს ინსპექტირებას.
ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, სადაც არაერთი დარღვევა ჩანს, მათ შორის, უმთავრესი არის ხელშეკრულებების ვადა. ამ ვადაზე ვსაუბრობთ წლებია და ვერ გამოსწორდა ეს პრობლემა“, – ამბობს ნეტგაზეთთან იურისტი დავით ომსარაშვილი.
საქმე ის არის, რომ სოციალურ აგენტებს ერთთვიანი ხელშეკრულება აქვთ, შესაბამისად, მათ არ აქვთ გარანტიები, რომ მომავალ თვეშიც დასაქმებულები იქნებიან. ომსარაშვილი კი დასძენს, რომ შრომის დღევანდელი კოდექსით, სოციალურ აგენტებს უვადო ხელშეკრულებები ეკუთვნით.
„ჩვენ ველოდებით, რომ ეს და სხვა პრობლემები გადაიჭრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურმა აგენტებმა უკიდურეს ფორმებს მიმართონ… მათ შორის, გაფიცვასაც“ ,- გვიხსნის ის.
იურისტი განმარტავს, რომ სოციალურ აგენტებთან ერთად, პროტესტში მონაწილეობას იღებენ სააგენტოს სპეციალისტებიც. თუმცა მას შემდეგ, რაც სოციალური აგენტები კვლავ გააქტიურდნენ, რამდენიმე მათგანმა პროფკავშირიდან გასვლის განაცხადი დაწერა.
ომსარაშვილი ამბობს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სოცაგენტებზე ზეწოლას – „ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გარემოება კითხვებს აჩენს,“.
სოციალური აგენტების პროტესტი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელსაც პრობლემები უნდა გადაეწყვიტა. თუმცა სამინისტროსთან მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო და შემოდგომის შემდეგ სოცაგენტებს უწყებისგან პასუხი არ მიუღია.
„ზოგადად, ვფიქრობ, რომ ეს მთელი პროცესი, თითქოს ამ სამუშაო ჯგუფის შექმნა და ა.შ. სოციალურ სააგენტოს დასჭირდა იმისთვის, რომ თავის დროზე, არჩევნების პერიოდში არ მომხდარიყო გაფიცვა და დროებით შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. ახლა კი უკვე აღარ აინტერესებთ, გაეზრდებათ თუ არა აგენტებს ხელფასი, ეს ადამიანები მოატყუეს“, – ამბობს ომსარაშვილი და დასძენს, რომ შესაძლოა, სამომავლოდ რამდენიმე სარჩელი შევიდეს სასამართლოში.