ახალი ამბები

სარკინიგზო ავარია ეგვიპტეში: დაიღუპა ათეულობით ადამიანი

26 მარტი, 2021 • 1039
სარკინიგზო ავარია ეგვიპტეში: დაიღუპა ათეულობით ადამიანი

სამხრეთ ეგვიპტის ქალაქ სუჰაგში 26 მარტს მომხდარ სარკინიგზო ავარიას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60-ზე მეტი პირი. ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ავარიის დროს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც სამი სამგზავრო ვაგონი ამოტრიალდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ათეულობით ეკიპაჟი მუშაობს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ამობრუნებულ ვაგონებში ჩარჩენილი ადამიანები ჩანან. ადგილზე თავი მოიყარეს  მოქალაქეებმაც, რომლებიც ავარიის შედეგად დაშავებულებს ეძებენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. ეგვიპტის რკინიგზის დეპარტამენტის განცხადებით, უცნობმა პირებმა ერთ-ერთ მატარებელში საგანგებო მუხრუჭი აამუშავეს. უწყების ცნობით, ამის შემდეგ აღნიშნული მატარებელი გაჩერდა, ცოტა ხანში კი მას უკნიდან მომავალი მეორე მატარებელი შეეჯახა.

ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიები ხშირია. მხოლოდ 2017 წელს ქვეყანაში რკინიგზასთან დაკავშირებული 1 793 ინციდენტი მოხდა. სისტემაში არაერთი პრობლემა არსებობს, მათ შორის, მოძველებული ინფრასტრუქტურა და სუსტი მენეჯმენტი,

ყველაზე სისხლიანი სარკინიგზო ავარია ქვეყანაში 2002 წელს მოხდა, როდესაც დედაქალაქ კაიროდან სამხრეთ ეგვიპტეში მიმავალ მატარებელში ხანძარი გაჩნდა. მომხდარს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი