ახალი ამბები

ახალციხეში გზაზე კლდე ჩამოიშალა

26 მარტი, 2021 •
ახალციხეში გზაზე კლდე ჩამოიშალა

ახალციხეში, ურავლის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის მოძრაობა გადაკეტილია.

ფოტოებს ფეისბუკზე თამუნა უჩიძე ავრცელებს, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალციხის ოფისის თანამშრომელია. მისივე ინფორმაციით, ახალციხის მერიამ ამ პრობლემის შესახებ იცის.

აი, ეს ხდება ახლა ურავლის გზაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ჯერ კიდევ 2019 წელს მოგმართეთ ამ პრობლემის…

Posted by Tamuna Uchidze on Friday, 26 March 2021

„ეს გზა ახალციხის მუნიციპლიტეტის 7 სოფელს (ხეოთი, ურაველი, მუსხი, ახალშენი, წყორძა, ანდა, ანდრიაწმინდა) აკავშირებს ახლაციხესთან. ახალციხე-ურავლის გზით, გარდა ზემოთ აღნიშნული სოფლებისა, სარგებლობენ ასპინძის სოფლებში (ძველი, ჭობარეთი, ორგორა, სახუდაბელი) მცხოვრებლებიც. ასევე, ბოლო წლებში მოეწყო აგარების მონასტრამდე მისასვლელი გზა, რის გამოც აღნიშნული მონაკვეთი ტურისტებითაც მეტად დაიტვირთა“, — უყვება ნეტგაზეთს თამუნა უჩიძე.

მისივე თქმით, ახალციხე-ურავლის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ კლდიდან ლოდები 7-8 მინაკვეთზე მრავალი წელია, რაც ცვივა. გადაადგილება კი განსაკუთრებით წვიმიან ამინდშია საშიში.

„რადგან ასეთ დროს კლდიდან ლოდების ცვენა აქტიურდება. შემთხვევის შედეგად გასულ წლებში გზის ამ მონაკვეთში ექვსი ადამიანი დაშავდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამოქალაქო საბჭომ ახალციხეში ახალციხის მერიას მიმართა 2019 წელს ადგილბორივების ხელმოწერებით და ვითხოვეთ ამ პრობლემის მოგვარება“, — აცხადებს ის.

რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტს, უწყება ამბობს, რომ ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგება.

„ურავლის ხეობაში გზისპირა ფერდობები ნაშალისა და მოძრავი ქვებისგან მიმდინარე წლის იანვრის თვეშიც გაიწმინდა. მუნიციპალიტეტი პერიოდულად ახორციელებს მსგავსი სახის ღონისძიებებს“, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის წერილობით პასუხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი