ახალი ამბები

შემუშავებულია ახალი ინიციატივა, რომ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი 3%-მდე დაიწიოს — ზალკალიანი

25 მარტი, 2021 • 692
შემუშავებულია ახალი ინიციატივა, რომ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი 3%-მდე დაიწიოს — ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ოპოზიციასთან კომპრომისის მიზნით, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილება შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის 3%-მდე შემცირებას.

“საზოგადოებამ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იხილეს ის პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ის რეკომენდაციები, რაც იგივე საარჩევნო რეფორმასთან იყო დაკავშირებული, როგორც კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადადგმულია და შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ინივიატივა, რომელიც ინიცირებული არის პარლამენტში და მასში არის უკვე ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა ეუთო/ოდირის მხრიდან, რაც არის უაღრესად მისასალმებელი და წინ გადადგმული ნაბიჯი. მეტიც, დაინიცირებულია ახალი ინიციატივა, რომ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი დაიწიოს 3%-მდე”, — განაცხადა ზალკალიანმა.

აღნიშნული ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ამ დროისთვის კი დეპუტატის მანდატს პარლამენტის მხოლოდ 96 წევრი იყენებს.

საარჩევნო ბარიერის შეცვლა”ქართულ ოცნებას” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტი იყო. ამასთან, “გირჩის” წევრები, რომლებიც სადეპუტატო მანდატს არ იყენებენ, პარლამენტში შესვლის წინაპირობად საპარლამენტო არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერის დაწესებას ასახელებდნენ. “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძეც, რომელიც ასევე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, აცხადებდა, რომ პარტიის წევრები მზად იყვნენ, პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შესულიყვნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი