აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის შეხვედრის შემდეგ.
“სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა აღნიშნეს, რომ გადაწყვიტეს, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა დეზინფორმაცია, ჩარევა საარჩევნო პროცესებში, მავნე კიბერაქტივობა და სამხედრო პოზიციონირება”, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ბლიკნკენმა და ბორელმა ასევე გადაწყვიტეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით, ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშესაწყობად.