საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილის განცხადებით, ამერიკის სენატში გამართული მოსმენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისათვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა.
“სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისას”, — ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტი მნიშვნელოვნად აფასებს, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას გამოხატავენ. მისი თქმით, “აშშ და ევროკავშირი სრულად იზიარებენ ეუთო-ს დასკვნას, რომლის თანახმადაც, 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა”.
“ამერიკასა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი გამოწვევებით სავსე რეგიონში”, — ამბობს ზურაბიშვილი და ყველა მხარეს მოუწოდებს, უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს.
“შექმნილი კრიზისის გახანგრძლივება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი. ქვეყანას კი სჭირდება სტაბილურობა, რომლის მიღწევასაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით და ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარებით შევძლებთ”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის სხდომა გუშინ გაიმართა.
ერთ-ერთმა გამომსვლელმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებისკენ მოუწოდა, ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმის ჩატარების საჭიროებას და აღნიშნა, რომ „ყოველი დღე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში ატარებენ და ყოველი დღე, როცა პარლამენტის სკამები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა“