ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანესა და ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს მომხრე სასულიერო პირებს შორის მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ბალდის ტაძარში მივიდა, სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა კი ტაძარი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი ითხოვენ, მღვდელმსახურების უფლებაშეჩერებულ სასულიერო პირებს ჩამორთმეული უფლება აღუდგეს.
მღვდლები ჰყვებიან, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს გამოჩენამდე, ადგილზე მივიდა პოლიცია და გააკეთა კორიდორი, სასულიერო პირებს შორის გამართულ თათბირზე კი მიტროპოლიტმა სტეფანემ თქვა, თითქოს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს სფეტანწმინდა-ხევის ეპარქიაში მოღვაწეობის დროს შვილი შეეძინა, რისი უფლებაც ბერებს არ აქვთ.
ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მზადყოფნა გამოთქვა, დნმ-ის ანალიზი ჩააბაროს.
“მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ცილისმწამებლურადაც მომიხსენია და დამადანაშაულა. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს ამ ბრალდებით თვითონვე დაისაჯოს, რა ცრუ ბრალდებითაც მან დაადანაშაულა მეუფე პეტრე. მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს”, — თქვა პეტრე ცაავამ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.