მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რომელიც თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კვლადაკვალ გადადგა, ეხმაურება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენას.
ქემოკლიძის თქმით, ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის სენატში მსგავსი, შინაარსობრივად უკიდურესად ნეგატიურად დატვირთული განცხადებები ისმოდა საქართველოს ხელისუფლების, რიგ შემთხვევებში კი, ოპოზიციის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯების მისამართით.
“მეგობრები და პარტნიორები გასაკვირად კარგად არიან ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი Staffer-ები, ისევე როგორც საკანონმდებლო/სახელმწიფო აპარატს მიღმა მყოფი ორგანიზაციები, კიდევ უფრო ღრმად და დეტალურად აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ამერიკელმა სენატორებმა დაადასტურეს ის განცდა, რაც ყველას გვქონდა — შექმნილი პოლიტიკური კრიზისით (თანაც მინიმალური დანახარჯით) სარგებლობს ოკუპანტი რუსეთი და რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გახდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა. ამერიკელმა მეგობრებმა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს კრიზისის დაძლევის მზა სახელმწიფოებრივი ხედვა შესთავაზეს — გვერდით გადაიდოს მოკლევადიანი პოლიტიკური დღის წესრიგი, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით დაიძლიოს პოლარიზაცია და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდეს დემოკრატიის მშენებლობა”, – წერს ქემოკლიძე.
ის, ასევე, ხაზს უსვამს, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას მიერ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს, რადგან ის ემსახურებოდა რადიკალიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების არდაშვებას.
“გუშინ მკაფიოდ ითქვა, რომ ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ. ეს იყო საჯარო და მკაფიო სიგნალი, რომ სახელმწიფოს, დემოკრატიული განვითარების გზაზე მეტი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ეს გზავნილები ადეკვატურად (და არა ვიწროპარტიული პრიზმით) იქნას აღქმული და კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს. დაპირისპირებული მხარეების მხრიდან კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული გზავნილების საკუთარ ინტერესებზე მორგების ნებისმიერი მცდელობა იქნება სრულიად უშედეგო და კიდევ უფრო კონტრპროდუქტიული”, – წერს ქემოკლიძე.
სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის სხდომა გუშინ გაიმართა.
ერთ-ერთმა გამომსვლელმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებისკენ მოუწოდა, ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმის ჩატარების საჭიროებას და აღნიშნა, რომ „ყოველი დღე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში ატარებენ და ყოველი დღე, როცა პარლამენტის სკამები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა“.