“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილ აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენას აფასებს.
სამადაშვილის თქმით, აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების განცხადებები ნიუანსებში განსხვავდებოდა, თუმცა აშშ-ის მხრიდან საქართველოში არსებული პრობლემების და საკუთარი პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზი გამოიკვეთა.
“ტონის გამკაცრებაზე არ არის საუბარი, იმიტომ, რომ მანამდეც გვახსოვს მკაცრ ტონში წერილები და სანქციებზე საუბარი, მაგრამ გუშინდელი მოსმენა იყო განსხვავებული. ჩვენ დავინახეთ, რომ სისტემური ანალიზი მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების და პოლიტიკის, რომელიც აშშ-მა უნდა გაატაროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. სენატი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მსჯელობდა არა რაღაც ლოკალური ცეცხლის ჩაქრობაზე, არამედ საუბარი იყო სტრატეგიაზე და ძალიან ნათლად გამოიკვეთა, რომ აშშ-ის სტრატეგია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში არის, ერთი მხრივ, დემოკრატიის ხელისშეწყობა და მეორე, ამასთან დაკავშირებული და არანაკლებ სტრატეგული ამოცანაა რუსეთის გავლენის შეკავება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ეს არის ყველაზე მთავარი, დანარჩენი დეტალებია და შეადგენს სურათს, რატომ არის ვაშინგტონში ასეთი ღრმა შეშფოთება ქვეყანაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით”, – განაცხადა სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
ენმ-ის წევრი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა სენატის ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენას.
“რაღაცნაირად სევდიანად გამოიყურება დღეს ეს გადაძახილი — “ქართული ოცნება” ათრიეს” და არა, “ოპოზიციას ყური აუწიეს”. გვითხრეს, რომ ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დგას. თქვენს გვერდით ვართ, გეხმარებით, ოღონდ გამოსავალი თავად უნდა მოძებნოთო. ან გავიგებთ ამ გზავნილს და ვაჩვენებთ, რომ ვიმსახურებთ დამოუკიდებელ და თანამედროვე სახელმწიფოს, ან ვირბინოთ საქმის გასარჩევად სენატში და ევროპარლამენტში. ოღონდ საფრთხეა, მობეზრდეთ ეგ ამბავი. აი, რუსეთს კი არასდროს მოსწყინდება, “დაგვილაგებს”. მართლაც სოფლის ორღობეს დაგვამსგავსა ივანიშვილმა. მთავარს მიაღწია, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მართვის უნარი გვაქვს თუ არა, ეჭვი გააჩინა”, — წერს სამადაშვილი.
სენატის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის სხდომა გუშინ გაიმართა.
ერთ-ერთმა გამომსვლელმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებისკენ მოუწოდა, ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმის ჩატარების საჭიროებას და აღნიშნა, რომ „ყოველი დღე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში ატარებენ და ყოველი დღე, როცა პარლამენტის სკამები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა“.
ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები საკმარისი არაა – სენატორი შაჰინი საქართველოზე