ახალი ამბები

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 13 საათამდე გადავადდა

24 მარტი, 2021 •
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 13 საათამდე გადავადდა

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, ნაცვლად 12:00 საათისა, 13:00 საათზე დაიწყება.

მანამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე ელექტრონული ფორმით, TKT.ge-ზე დაიწყებოდა, თუმცა ვებ-გვერდზე შესულ მომხმარებელს დახვდათ ინფორმაცია, რომ ბილეთები 13:00 საათზე გაიყიდებოდა.

ე.წ. სქრინშოთი TKT.ge-ს ვებ-გვერდიდან

გარდა გაყიდვის დაწყების დროის გადაწევისა, ვებ-გვერდზე დაწესდა ე.წ. რიგი, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები შეძლებენ ბილეთის ყიდვას.

საიტზე მატჩის ბილეთის საყიდლად შესული მომხმარებლები რიგში ხვდებიან. ე.წ. სქრინშოთი TKT.ge-დან.

თამაშს, რომელიც 28 მარტს გაიმართება, გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს.

მატჩის დასრულების შემდეგ, 29 მარტის 01:00 საათამდე, თბილისის მერიის უზრუნველყოფით, ქალაქის მასშტაბით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც მატჩზე დამსწრეები სახლებში დაბრუნებას შეძლებენ.

მატჩზე დამსწრეებზე ერთჯერადად, ღამის პირველ საათამდე, არ გავრცელდება 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების აკრძალვა.


საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების მატჩი 28 მარტს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი