სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სუსი ავრცელებს.
“გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი”, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რომელსაც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.