ახალი ამბები

“შესაძლო მასშტაბური მეწყერი ინიცირების ფაზაშია” – გერმანელი ექსპერტები ვაშლიჯვარზე

23 მარტი, 2021 •
“შესაძლო მასშტაბური მეწყერი ინიცირების ფაზაშია” – გერმანელი ექსპერტები ვაშლიჯვარზე

საქართველოში ჩამოსული გერმანელი ექსპერტები ამბობენ, რომ ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე შესაძლო მასშტაბური მეწყერი ინიცირების ფაზაშია.

ექსპერტები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ. მათგან ერთ-ერთმა, პეტერ ნიუმანმა, დღეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ისაუბრა.

როგორც ის ჰყვება, თითოეული მეწყერი არის უნიკალური მოვლენა და ეს შეფასება ასევე ვრცელდება ვაშლიჯვრის მეწყერზეც.

„აქვე მინდა ვთქვა, რომ თქვენმა ექსპერტებმა შესაბამისი საქმიანობა განახორციელეს და სწორად აღწერეს არსებული ვითარება.

მე 2 საათის განმავლობაში ვიყავი ადგილზე და პირველი შთაბეჭდილება მივიღე ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩვენი შეხედულებით, საქმე კომპლექსურია და არ არსებობს ერთი გამოსავალი პრობლემიდან. როდესაც მუშაობ გეოლოგიურ საკითხებზე, თავისთავად, სამუშაოს გარემო არის არახელსაყრელი იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს მუშაობის პროცესს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიგოთ, რა პროცესები მიმდინარეობს და შემდეგ გადავწყვიტოთ მის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები“ ,— აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, ის უსაფრთხოების ზომები, რაც გატარდა, მათ შორის, გზის გადაკეტვა, მართებულია.

„ჩვენ ვართ შესაძლო მასშტაბური მეწყრის ინიცირების ფაზაში. უნდა განვახორციელოთ პირველადი ზომები, მათ შორის,  გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და სამონიტორინგო ზომები. უნდა შევინარჩუნოთ დიდი ყურადღება, დავეყრდნოთ გეოლოგიურ კვლევებს და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები“, — აცხადებს ნიუმანი.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი