ახალი ამბებისამართალი

ანა დოლიძე დაზარალებულად ცნობას და “ოცნების” ყველა პრემიერის დაკითხვას ითხოვს

23 მარტი, 2021 • 1240
ანა დოლიძე დაზარალებულად ცნობას და “ოცნების” ყველა პრემიერის დაკითხვას ითხოვს

“მოძრაობა ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე პროკურატურას მიმართავს და დაზარალებულად ცნობას ითხოვს. საუბარია სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის მიერ “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში დასახელებულ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, ანა დოლიძის ბინაში, სავარაუდოდ, სუს-მა წარსულში დაამონტაჟა სათვალთვალო მოწყობილობები.

ანა დოლიძე მიესალმება კახაბერ საბანაძის გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ გამოძიება მისით არ უნდა დასრულდეს და საჭიროა დადგინდეს, თუ ვინ არის ამ საქმეში დამკვეთი:

“საბანაძის განცხადებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ სწორედ ამ ინფორმაციას უკავშირდება, რომ ხელი არ შეუშალოს გამოძიებას. ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი. იშვიათია შემთხვევა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი თავად გადადგა და არ გადააყენეს მსგავსი სკანდალის დროს. თუმცა მნიშვნელოვანია, გამოძიება არ დასრულდეს საბანაძით.

როდესაც არსებობს ასეთი სისტემა, საბანაძე იქნებოდა მისი აღმასრულებელი ან შემსრულებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ გავიგოთ, ვინ არის პოლიტიკური დამკვეთი. ვინ არის ის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც საბანაძეს მსგავსი ფაქტების ჩადენას ავალებს, თუ საბანაძე, რომელიც სულ მცირე არის მოწმე ამ საქმეში, მსგავსი სისტემის შექმნაში იღებდა მონაწილეობას” ,- ამბობს ანა დოლიძე.

მისი თქმით, საჭიროა გამოიკითხოს “ქართული ოცნების” ყველა პრემიერ-მინისტრი, ვინაიდან დაუდგენელია, ზუსტად რა პერიოდში ხდებოდა მისი და სხვა პირების თვალთვალი.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ გულაშვილის ინტერვიუში დროში უზუსტობაა, რადგანაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი “მთავართან” ამბობს, რომ ანა დოლიძის სახლში სათვალთვალო მოწყობილობები 2014 წელს დამონტაჟდა, რა დროსაც, დოლიძის თქმით, საქართველოში არ ცხოვრობდა. თუმცა სხვა გარემოებები, მათ შორის მისი საცხოვებელი ბინის აღწერილობა და სხვა დეტალები, რეალობასთან თანხვედრაშია:

“რომელ წელს ეხება, ეს ჩვენ არ ვიცით. მან დაასახელა 2014. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი ამხელა აქტისთვის ემზადება, უნდა გადაამოწმოს, რას ჰყვება. 2014 წელს მე საერთოდ არ ვცხოვრობდი საქართველოში, გადმოვედი 2015 წლის მაისში. ჩემი ველოსიპედი, რომელზეც არის ამ ინტერვიუში საუბარი, ჩამოვიდა 2015 წლის შემოდგომაზე, იმიტომ, რომ ავეჯი ჩამოვიდა ცალკე.

ზუსტად როდის მოხდა ეს, ვის პრემიერობას ეხება – არ ვიცით. ღარიბაშვილი გადადგა დეკემბერში. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ვინ და რა დროს დაამონტაჟა, რამდენი ხანი მიმდინარეობდა თვალთვალი, მათ შორის იმასაც, ვისზე უნდა გავიდეს გამოძიება საბანაძეზე მაღლა”, – აცხადებს ანა დოლიძე.

მისი თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ არაერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა და ხელისუფლებისთვის კომფორტული მოხელე არასოდეს ყოფილა. დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მისი მიყურადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უფრო გვიან პერიოდში დაიწყო, როდესაც, მაგალითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმიანობდა:

“ბინა და სურათები ყველაფერი მართალია. თუ 2019-ში მივიდა ის [მთავარ არხზე ინტერვიიუს მისაცემად], მაგ დროს მე ზეაქტიური და პრობლემური ვიყავი სასამართლოსთვის და მათ შორის “ოცნებისთვის”. მათ შორის, ზურაბიშვილს მიმართეს მაგ თვეს ჩემს გამოსაწვევად. ამიტომ ვითხოვ ყველა პრემიერის დაკითხვას და არამხოლოდ ღარიბაშვილის. თუ ეს სისტემა შეიქმნა, ბუნებრივია, ის ვიღაცამ გადაიბარა. მე რომ ჩამოვედი, მეკავა სამი ძალიან მაღალი თანამდებობა და ყოველთვის გამოვირჩეოდი კრიტიკულობით.

ვიყავი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, საპარლამენტო მდივანი გიორგი მარგველაშვილის და შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამათი მოსამართლეებისგან განსხვავებით, ჩემნაირი ადამიანები ყოველთვის არიან სისტემის პოტენციური პრობლემა. კარგად ჩანდა ჩემი გამოსვლებიდანაც, რომ მე ვიყავი დამოუკიდებელი. შესაბამისად, ამას უკავშირდება ეს ყველაფერი”, – აცხადებს ანა დოლიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, რაიმე ტიპის მინიშნება, რომ მის მიმართ თვალთვალი ხორციელდებოდა, არ ყოფილა. იგი ისხენებს მხოლოდ ერთ შემთხვევას, როცა წლების წინ არაფორმალურად უთხრეს, რომ არსებობდა გარკვეული ჩანაწერები, სადაც კორუფციულ მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას. თუმცა, დოლიძის თქმით, აღნიშნული იმდენად აბსურდული იყო, ყურადღება არ მიაქცია და მიიჩნია, რომ ამგვარად ცდილობდნენ  მისი რეაქციის შემოწმებას:

“ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, ასე, არაფორმალურად ჩემთან მოვიდნენ და ჭორის დონეზე მითხრეს, რომ კორუფციაზე ელაპარაკები ვიღაცასო. იმდენად სისულელე იყო ეს, რომ ჩავთვალე, ჩემი რეაქციის შემოწმება სურდათ და სერიოზულ ინფორმაციად ან გაფრთხილებად არ ჩამითვლია. მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, როგორც სხვებზე მივიდა თავდასხმა, ფაბრიკაციით, მონტაჟით ან სხვა გზით, რაღაც მსგავსი იქნებოდა”, – აცხადებს ანა დოლიძე.

“მთავარმა არხმა” 21 მარტს გაავრცელა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუ, რომელიც აღიარებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით.

“მთავარი არხის” ცნობით, ეს ინტერვიუ ივანე/ვანო გულაშვილთან ჯერ კიდევ იმ დროს ჩაწერეს, როდესაც ეს უკანასკნელი დაკავებული არ იყო. ტელეკომპანიის ცნობით, ამ ინტერვიუს შემდეგ ის მალვე დააკავეს.

“მთავარი არხის” ცნობით, გულაშვილი მათთვის  მამხილებელი ჩანაწერების გადაცემასაც აპირებდა, თუმცა, გარკვეული პირობებით. ტელეკომპანიის ცნობით, გულაშვილს სუს-ის ეშინოდა და ამის გამო ფრთხილობდა.

“მთავარი არხის” თანახმად, ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 24 ნოემბერს, თუმცა ეს უკანასკნელი ამ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა. გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ამ ინტერვიუს გასაჯაროების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტვ პირველზე გავიდა სიუჟეტი სუსიდან ფარული ჩანაწერების გაჟონვის შესახებ, რა დროსაც ივანე გულაშვილის სახელიც ახსენეს.

ინტერვიუში, რომელიც 21 მარტს გაავრცელა “მთავარმა არხმა”, ივანე გულაშვილი ამბობს, რომ შსს-შია დასაქმებული, თუმცა ზუსტად არ იცის, რა პოზიციაზეა. გულაშვილის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტადაა გაფორმებული, თუმცა სინმადვილეში სხვა რამ ევალება, ის ეხმარება მე-7 განყოიფლებას, რომელიც ფარულ ჩანაწერებზე მუშაობს.

დღეს, 23 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის სატელევიზიო ინტერვიუზე, რომელიც ტელეარხ “მთავარზე” გავიდა.

გულაშვილი აცხადებს, რომ 2014 წელს ის სავარაუდოდ იმყოფებოდა ანა დოლიძის ბინაში ფარული სათვალთვალო აპარატურის დასამონტაჟებლად. გულაშვილის თქმით, მან ბინაში ანა დოლიძის სურათები ნახა და ამიტომ ფიქრობს, რომ ეს ამ უკანასკნელის სახლი იყო. მან ინტერვიუში აღწერა სახლის მახასიათებლებიც, რომელიც დოლიძის თქმით, დიღომში მდებარე მის 2-ოთახიან სახლს ნამდვილად შეესაბამება.

სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.