სახალხო დამცველი ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში 21 მარტს გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი სავარაუდო ფარული ჩანაწერების არსებობაზე, მათ შორის პოლიტიკოს ანა დოლიძის მიმართ. სახალხო დამცველი სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
“2021 წლის 21 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გავრცელდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი სავარაუდო ფარული ჩანაწერების არსებობაზე, მათ შორის, პოლიტიკოს ანა დოლიძის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სავარაუდო შემთხვევაზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება”.
სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების და გამოქვეყნების მუქარის შემთხვევები ძირითადად პოლიტიკოსი ქალების მიმართ ხდება. სახალხო დამცველი წერს, რომ ეს მეთოდი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება.
“სახალხო დამცველი გმობს სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფის პრაქტიკას, სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და სახელმწიფოს დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს”, – წერია განცხადებაში.
ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 21 მარტს გაავრცელა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუ, რომელიც აღიარებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით.
გულაშვილი ინტერვიუში ჰყვება, რომ მან არ იცოდა, კონკრეტულად ვის სახლში უწევდა პერიოდულად სათვალთვალო მოწყობილობების დაყენება, თუმცა ამბობს, რომ ერთ-ერთი სახლი, სავარაუდოდ, ანა დოლიძეს ეკუთვნოდა. ინტერვიუში გულაშვილი აღწერს სახლს, რომელშიც მისი თქმით ანა დოლიძის ფოტოსურათები ნახა. სახლის აღწერილობის მიხედვით ანა დოლიძემ “მთავარ არხთან” დაადასტურა, რომ აღნიშნული სახლი მართლაც მას ეკუთვნის.
“მთავარი არხის” ცნობით, ეს ინტერვიუ ივანე/ვანო გულაშვილთან ჯერ კიდევ იმ დროს ჩაწერეს, როდესაც ეს უკანასკნელი დაკავებული არ იყო. ტელეკომპანიის ცნობით, ამ ინტერვიუს შემდეგ ის მალვე დააკავეს. “მთავარი არხის” ცნობით, გულაშვილი მათთვის მამხილებელი ჩანაწერების გადაცემასაც აპირებდა, თუმცა, გარკვეული პირობებით. ტელეკომპანიის ცნობით, გულაშვილს სუს-ის ეშინოდა და ამის გამო ფრთხილობდა.
სამართალდამცავი უწყებები არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა გამოძიება მის მონაყოლზე.
“უკანონო თვალთვალი”: უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სუსის ყოფილი თანამშრომლის მონაყოლზე