ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძლიერ შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარტნიორებისთვის ევროკავშირში. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განცხადა.
ლანდსბერგისის თქმით, ის, თუ რა გზით გააგრძელებს საქართველო სვლას, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალსაც განსაზღვრავს.
“საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძლიერ შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარტნიორებისთვის ევროკავშირში. ევროკავშირს აქვს ძალიან ნათელი მესიჯი, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ გადის მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. თუკი საქართველო გადაუხვევს ამ გზიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტრანსატლანტიკურ გზას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის”, — განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
რადიო თავისუფლების ბრიუსელელის კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას “ძირითადად” მხარი დაუჭირეს.
“აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას. შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად დაეთნხმნენ. მაგრამ ის, თუ როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი, ცოტა მოგვიანებით, მისი და შარლ მიშელისა შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი”, — წერს რადიო თავისუფლება.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის ევროპული საბჭორს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში მან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”. 17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.