ნეტგაზეთი | 2007 წლის 7 ნოემბრის გამო ელჩის პოსტიდან გადადგომას განვიხილავდი – სამადაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის გამო ელჩის პოსტიდან გადადგომას განვიხილავდი – სამადაშვილი – Netgazeti
RU | GE  

2007 წლის 7 ნოემბრის გამო ელჩის პოსტიდან გადადგომას განვიხილავდი – სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ის, როგორც საქართველოს ელჩი ევროკავშირში, გადადგომას განიხილავდა.

ამის შესახებ სამადააშვილმა ევროკავშირში საქართველოს ამჟამინდელი ელჩის, ნატა საბანაძის გადადგომაზე კომენტირებისას ისაუბრა ტვ პირველთან.  მისი თქმით, საბანაძის გადადგომა ნათელი გზავნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, რომ ხელისუფლებამ “ნიღაბი ჩამოიხსნა”.

სამადაშვილმა ნატა საბანაძე ‘გამორჩეულად კომპეტენტურ ადამიანად” დაახასიათა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა ეს უკანასკნელი თუ უფრო ადრე დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას, თუნდაც მაშინ, როდესაც კარტოგრაფები დააკავეს.

“საქართველოს ელჩის განცხადება ჩემთვის იკითხება როგორც განაცხადი; მას მიაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროპული მომავალის პერსპექტივა ევროკავშირში, რომლისთვისაც მას უნდა ემუშავა, აღარ არის რეალური პერსპექტივა”, – აცხადებს სამადაშვილი და იხსენებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც უშედეგოდ დასრულდა და რაშიც ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს.

მისი თქმით, ეს იყო ნათელი გზავნილი, რომ “ოცნებამ” ევროკავშირისაგან გამოწვდენილ ხელზე უარი თქვა. ამის შემდეგ კი  ყველა ადამიანი, რომელსაც მორალური და პოლიტიკური ფასეულობები გააჩნია, ჩათვლიდა, რომ ბრიუსელში მისი მისია ვერ იქნება შსრულებული.

“მე პირადად როგორც ელჩს არაერთხელ მქონდა პრეტენზიები მაშინდელ ხელისუფლებასთან. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ 7 ნოემბერს ცნობილი მოვლენების შემდეგ მე განვიხილავდი თანამდებობის დატოვებას, მაგრამ მაშინ პრეზიდენტმა დანიშნა ვადამდელი არჩევნები და მე ჩავთვალე, რომ ეს სწორი რეაქცია იყო იმ შეცდომაზე რაც მათ მოუვიდათ 7 ნოემბერს”, – განაცხადა სამადაშვილმა

სალომე სამადაშვილია ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს მისიას 2013 წლამდე ხელმძღვაბელობდა. სწორედ ის ჩაანაცვლა ელჩის პოზიციაზე ნატა საბანაძემ, რომელიც დღეს გადადგა.

2007 წლის ნოემბრის მოვლენებისას საქართველოს ელჩის თანამდებობდა დატოვა ლევან მიქელაძემ, რომელიც მუშაობდა შვეიცარიის კონფედერაციაში და საქართველოს წარმომადგენლად ქ.ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com