ახალი ამბები

საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო — რასა იუკნევიჩიანე

20 მარტი, 2021 •
საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო — რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარი და ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რასა იუკნევიჩიანე მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლობაში მთავრობას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. მან “ამერიკის ხმასთან” საუბრისას რუსეთი მოიხსენია, როგორც ერთადერთი გამარჯვებული ამ სიტუაციაში.

“ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით.

მაგრამ, ხუთშაბათის შემდეგ, მე იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო”, — აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

რასა იუკნევიჩიანე დასძენს, რომ ევროპა ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, თუმცა ისინი ვერ იქნებიან “უფრო მეტი ქართველები, ვიდრე თვითონ ქართველები”. აქვე მან ისაუბრა სარგებელზე, რომელსაც რუსეთი პროცესიდან იღებს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას კი ქართველი პოლიტიკოსები გააკრიტიკა.

ევროპარლამენტარის თქმით, უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ გაუმყარდა ეჭვები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჰქონდა საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში.

“ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. ეჭვი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს. მე ძალიან გულწრფელად გეტყვით ამას. ხუთშაბათის შემდეგ, ჩემი ეჭვები უფრო გამყარდა.

ჩემს კოლეგებთან, ან მეგობრებთან „ქართულ ოცნებაში“ და ოპოზიციაში ხშირად მიკითხავს ამაზე. ევროპარლამენტში არ გვაინტერესებს რომელი პარტიაა მთავრობაში და ვის მიყავს ქვეყანა ევროპული გეზით, მაგრამ, მე არასდროს მინახავს ბიძინა ივანიშვილი არც ბრიუსელში ან ვაშინგტონში, რომ ის შეხვედროდეს იქ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, არასდროს მინახავს მისი ინიციატივა ან მოწოდება ოპოზიციისადმი, რაიმე შეთანხმების მისაღწევად, არასდროს მინახავს მისი ხელმოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს.

ეს ადრეც მითქვამს, წლების წინ. შესაძლოა, იგივე მოსაზრება გააჩნდეთ ვაშინგტონში. ჩვენ არასდროს გვინახავს ყოფილი ლიდერების ხელმოწერა, ან მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა სადმე. დღეს კი მგონია, რომ ქართველების დიდი ნაწილი ამ ყოფილი ლიდერების პირადი შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების მძევალია. არცერთი აღნიშნული ლიდერი აღარ არის ავანსცენაზე, თუმცა, ვფიქრობ, მათი პირადი დაპირისპირება ორივე მათგანისთვის უფრო მთავარია, ვიდრე ქართველი ხალხის მომავალი”, — აღნიშნავს იუკნევიჩიანე.

19 მარტს ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების მედიატორი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა.

მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება

მასალების გადაბეჭდვის წესი