ახალი ამბები

COVID-19-ის მორიგი ტალღის რისკების გამო პარიზი 1 თვით ჩაიკეტება

19 მარტი, 2021 • 1245
COVID-19-ის მორიგი ტალღის რისკების გამო პარიზი 1 თვით ჩაიკეტება

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მატებისა და მესამე ტალღის რისკების ზრდის გამო, პარიზი, ჩრდილოეთ საფრანგეთის რამდენიმე რაიონთან ერთად, 1 თვით ჩაიკეტება. ქვეყნის პრემიერმინისტრის თქმით, 19 მარტიდან ამოქმედებული შეზღუდვები არ იქნება ისეთი მკაცრი, როგორც წინა ჩაკეტვის დროს იყო.

მხოლოდ გასულ 24 საათში საფრანგეთში ვირუსის 35 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ქვეყნის მთავრობაში ამბობენ, რომ ამ პირობებში COVID-19-ის მესამე ტალღის რისკი სულ უფრო მზარდია. BBC-ის ცნობით, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა განსაკუთრებულად საგანგაშოდ შეაფასა ვითარება პარიზში, სადაც 1 200 ადამიანი კოვიდ პაციენტი მკურნალობს.

ახალი შეზღუდვების ფარგლებში, სასიცოცხლოდ არააუცილებელი ბიზნესები უნდა დაიხუროს, თუმცა სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება. მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცემათ სალონებსაც, იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელ სანიტარულ ნორმებს დაიცავენ. ადამიანებს შეეძლებათ, საკუთარი სახლებიდან 10 კმ-ის მანძილზე ივარჯიშონ, თუმცა შეზღუდულნი იქნებიან ქვეყნის სხვა მხარეში გამგზავრებისგან შესაფერისი მიზეზის გარეშე.

მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვა — “კომენდანტის საათი” — კვლავ ძალაში დარჩება, თუმცა, დღის მატების გამო, 1 საათით გადაიწევს.

მეორე მხრივ, ვაქცინაციის პროცესის ნელ ტემპთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების კრიტიკის ფონზე, ცნობილი გახდა, რომ 19 მარტიდან ქვეყანაში განახლდება აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით.

პროცესი ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ შეჩერდა, რაც ევროპაში აღნიშნული ვაქცინით აცრილ ზოგიერთ ადამიანს თრომბი განუვითარდა. შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 20% უცხადებდა ნდობას აღნიშნულ ვაქცინას.

თუმცა, მიმდინარე კვირაში ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ეფექტურია და “ვაქცინა არ არის დაკავშირებული სისხლის თრომბების ზრდის მთლიან რისკთან იმ ადამიანებში, ვინც ის გაიკეთა”.

უწყება აკვე დასძენს, რომ ამის მიუხედავად, ვაქცინა შეიძლება იყოს დაკავშირებული თრომბების წარმოქმნის ძალიან იშვიათ შემთხვევებთან.

სააგენტოს მონაცემებით, 16 მარტის მდგომარეობით გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის ეკონომიკურ ზონაში [EEA] დაახლოებით ოცმა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა, ხოლო EMA-მ გამოავლინა რამდენიმე სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის შვიდი შემთხვევა და ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის 18 შემთხვევა.

რა წერია „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნაში

მასალების გადაბეჭდვის წესი