27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ახალციხელ ექთანს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, დაუფიქსირდა.
ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინვე გადაიყვანეს. დღეს, 19 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, ის ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოში “ასტრაზენეკით” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
ამასთან, ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება. ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს. დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.
სპეციალისტების განმარტებით, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.