ახალი ამბები

ანაფილაქსიური შოკით კოვიდვაქცინით აცრილი არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა – ნანა გეგეჭკორი

18 მარტი, 2021 •
ანაფილაქსიური შოკით კოვიდვაქცინით აცრილი არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა – ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჩკორი ამბობს, რომ  ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი არის, ძალიან იშვიათი, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი გვერდითი ეფექტი ნებისმიერი იმ ვაქცინების, რომლებითაც დაბადების პირველი დღეებიდან ადამიანები იცრებიან.

მისი განმარტებით, კოვიდის საწინააღმდეგო აცრების შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკი უფრო ხშირად ფიქსირდება, ვიდრე ეს სხვა აცრებს ახასიათებთ.

როგორც ნანა გეგეჭკორი აცხადებს, ანაფილაქსიური შოკით, კოვიდის ვაქცინით აცრილი, არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა და დარწმუნებულია, რომ ქართველი ექიმებიც აუცილებლად შეძლებენ 27 წლის ექთნის გადარჩენას, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ , სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

“მაგალითად, 23 დეკემბრის მონაცემებით ფაიზერის 1.893.360 დოზაზე ანაფილაქსიური შოკის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დაახლოებით არის 11 ანაფილაქსიური რეაქციაა მილიონ დოზაზე, რაც დაახლოებით 10-ჯერ მეტია გრიპის გაქცინასთან შედარებით. ოდნავ ნაკლები, მაგრამ გრიპზე მაინც აღმატებული რაოდენობით აღინიშნა მსგავსი რეაქცია მოდერნას ვაქცინით აცრილებშიც. ერთეულ შემთხვევებში პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, მაგრამ 2-3 დღეში გაეწერნენ, დანარჩენებს კი დახმარება პირდაპირ ვაქცინაციის ცენტრებში აღმოუჩინეს. როგორ უნდა იყოს აღჭურვილი ვაქცინააციის ცენტრი რათა დააკმაყოფილოს უსაფრთხოების ყველა სტანდარტი?

ცხადია, სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს შესაბამისად გაწვრთნილი. ამავე დროს აუცლებელია ადექვატური აღჭურვილობა, რომ ანაფილაქტიური რეაქციის განვითარებისთანავე, პაციენტს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინონ.

ამისათვის დაგჭირდებათ:

1. ეპინეფრინი- თვითინექციის სპეციალურ კალამში უკვე გამზადებული დოზით ან წინასწარ განზავებული შპრიცი შესაბამისი კონცენტრაციით.

კონცენტრაციები: 1 მგ/მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული 1:1000 კონცენტრაციით ინტრამუსკულარული ინექციისთვის. ინექცია კეთდება ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე, არ სჭირდება რაიმე სპეციალური ორიენტირების ცოდნა. დოზა 0.3 მგ – 0.5 მგ, თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა განმეორებითი დოზების გამოყენება შეიძლება 5-10 წუთის ინტერვალით. იმის გამო რომ ანაფილაქსიური შოკი, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ამ დროს ეპინეფრინს უკუჩვენება არ გააჩნია.

2. H1 და H2 ანტიჰისტამინური პრეპარატები: დიფენჰიდრამინი იგივე ბენადრილი, ცეტირიზინი, ფამოტიდინი, ციმეტიდინი (რომელიმე აქედან).
3. ინტრავენური საინექციო ფიზიოლოგიური ხსნარი
4. საინტუბაციო მოწყობილობა.
5. ამბუს ბალონი თავისი ნიღბით.
6. წვდომა საინჰალაციო ჟანგბადთან.
7. პულსოქსიმეტრი.
8. არტერიული წნევის გასაზომი ხელსაწყო.
9. ბრონქოდილატატორი, მაგალითად ალბუტეროლი”, – წერს გეგეჩკორი.

მისივე განმარტებით, ანაფილაქსიური შოკის მკურნალობისას იცავენ ორ პრინციპს:

“1. სასწრაფოდ უნდა აღდგეს ცირკულაცია. ასეთ დროს შიდასისხლძარღვოვანი მოცულობა სისხლძარღვს გარეთ გადაინაცვლებს და ამ შიფტის გამო წნევის შესანარჩუნებლად დიდი რაოდენობით ინტრავენური სითხის გადასხმა დაგჭირდებათ. ეპინეფრინი სისხლძაღვოვანი ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, საკმარისი რაოდენობით სითხე კი სისხლძარღვის მოცულობას შეავსებს. ორივე ერთად ქმნის არტერიულ წნევას.
2. სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოთ სასუნთქი გზების გამავლობა. სასუნთქი გზები ორი მიზეზით იხურება, ბრონქოსპაზმი და ტრაქეის შეშუპება. ამის მოხსნაში ისევ ეპინეფრინი, საინჰალაციო საშუალებები და ჟანგბადი დაგეხმარებათ. თუ სუნთქვის ფუნქცია სწრაფად არ აღსდგა, არ დააყოვნოთ ინტუბაცია. ეს პაციენტს ჰიპოქსიის მავნე გავლენისგან იხსნის. სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია უნდა შენარჩნუდეს 95%-ზე მაღალ დონეზე.
3. ბენადრილი ან ზემოთხსენებული სხვა ანტიალერგიული მედიკამენტები ფხანით გამოწვეულ დისკომფორტს მოხსნის. არც ერთი მათგანი არ ხსნის ბრონქოსპაზმს ან ტრაქეის შეშუპებას, ამიტომ პირველი რიგის ამოცნაა პირველი ორი პუნქტის სწრაფად ამუშავება.
4. ამ სამი პუნქტის დროულად ამუშავების შემთხვევაში, უმეტესად პაციენტს დამატებითი დახმარება აღარ სჭირდება. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება და მკურნალობის მიმართ პაციენტი რეზისტენტულია, ის სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში”, — წერს ნანა გეგეჭკორი.


ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოში “ასტრაზენეკით” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება. ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს. დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.

ცნობისთვის, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.

რა წერია „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნაში

მასალების გადაბეჭდვის წესი