დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, ახალციხეში დღეს, 18 მარტს ვაქცინირებულ ექიმს ანაფილაქსიური [ალერგიული] რეაქცია განუვითარდა.
მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში აცრის შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სწორედ ამ შემთხვევას გამოეხმაურა ამირან გამრეყლიძე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბოლო 3 დღეში, ანუ ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ეს პირველი სერიოზული შემთხვევაა, როდესაც ვაქცინაც სერიოზული გვერდითი მოვლენა მოყვა.
„დღეს ახალციხეში „იმედის“ კლინიკაში, რომელიც 3 დღეა აწარმოებს აცრებს და 16 ადამიანი ჰყავს აცრილი, დაახლოებით, 12:15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი, რომელიც, როგროც ვიცი ანამნეზით სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და ასევე არ აღნიშნავდა ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ, ქალბატონმა მოუწოდა პირდაპირ ეთერში სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტიურებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყონებლვიეი რეაქცია, ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის ალერგია. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, უფრო გვეუბნებიან, რომ ჰგავდა ეს ანაფილაქსიურ რეაქციას.
ადამიანს დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ამ დროს პროტოკოლითაა გაწერილი და არ მოიხსნა რეაქცია, ის გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. საჭირო გახდა მისი ინტუბირება. ამჟამად ჩასულია ადგილზე კატასტროფის ბრიგადა და მისი ევაკუაცია ხდება თბილისში. დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა. პროცესში ჩართული არიან ექსპერტთა კომიტეტის წევრები და ამ ეტაპზე მიზან-შედეგობრივ კავშირებზე, ჩვენ, ჯერჯერობით, ვერ ვისაუბრეთ, სანამ არ დასრულდება სრულად მოკვლევა.
მიმდინარეობდა იმუნიზაციის საბჭოთა სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, 7 საათზე დაინიშნა გაერთიანებული სხდომა – იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი არსებობს, არსებობს იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი – ამ კომიტეტების სხდომა დაინიშნა 7 საათზე სამინისტროში, სადაც განხილული იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით,“ — თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოში, ვაქცინაციის დაწყებიდან, 15 მარტიდან, დღემდე, 3 365 ადამიანი აიცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით და სერიოზული გვერდითი მოვლენა იყო მხოლოდ 4. დანარჩენ შემთხვევებში კი მოქალაქეებს ჰქონდათ მოსალოდნელი მსუბუქი რეაქციები, როგორიცაა ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და სხვა.
„მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს – სერიოზული. ყველაზე სერიოზული, რომელიც ვითარდება სწრაფად ეს გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 წუთში. ზოგადად, მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც იყენებს კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქციები ხდება მილიონზე ერთი, გააჩნია, ზოგ ვაქცინაზე უფრო მეტიც შეიძლება, მაგრამ საშუალო მონაცემი არის ასეთი — მილიონზე ერთი”, — თქვა გამყრელიძემ.
მისივე ცნობით, ასეთი რეაქცია შეიძლება იყოს მსუბუქი და საკმაოდ მძიმე, შეიძლება დამთავრდეს ფატალურად. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლენება გახლავთ ანაფილაქსიური შოკი.
როგორც გამყრელიძე ამბობს, “განსხვავებით რუტინული ვაქცინებისგან, ყველა ვაქცინას აქვთ გვერდითი მოქმედებები, როდესაც იცრებიან ადამიანები, მათ შორის, ჩვენთან, ივსება სპეციალური ბარათი, ბარათზე უკანა მხრიდან წერია, რა არის ძალიან ხშირი, ხშირი და ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენა და ასევე აცრის პროცესამდე არსებობს სპეციალური გამოკითხივს ბარათი”.
აღნიშნულ ბარათს ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეები ვაქცინაციამდე ავსებენ, რათა გამოვლინდეს მომეტებული რისკი მწვავე ალერგიულ რეაქციაზე.