ახალი ამბები

საქართველოში ნიღბების ტარების მაჩვენებელი 70-დან 43%-მდე შემცირდა – IHME-ს მოდელირება

18 მარტი, 2021 •
საქართველოში ნიღბების ტარების მაჩვენებელი 70-დან 43%-მდე შემცირდა – IHME-ს მოდელირება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 18 მარტს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში ნიღბების ტარების მაჩვენებელი საგრძნობლადაა შემცირებული.

საქართველო ეყრდნობა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირებას, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო პროექციებს იკვლევს. ამ მოდელის მიხედვითაც, ამ დროისთვის ქვეყანაში ნიღბების ტარების მაჩვენებელი 43 პროცენტამდეა შემცირებული.

70-დან 43 პროცენტამდე 

უახლესი მონაცემი, რომელიც ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის მოდელირებაშია ნაჩვენები, 2021 წლის 15 თებერვლით თარიღდება. ამ დღეს, მოდელირების მიხედვით, ქვეყანაში ნიღაბს მოსახლეობის 43 პროცენტი ატარებდა.

15 თებერვლის შემდეგ, მოდელირება, წინა პერიოდის მონაცმებისა და ქვეყანაში გატარებული პოლიტიკების გათვალისწინებით, პროგნოზირებს თუ რამდენი ადამიანი ატარებს ნიღაბს, რომლის მიხედვითაც 18 მარტამდე, ანუ დღევანდელ დღემდე აღნიშნული რიცხვი ნარჩუნდება და კვლავ 43 პროცენტია.

შედარებისთვის, 2020 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში, მაშინ როდესაც საქართველოში კორონავისურის გავრცელების პიკი იყო, ქვეყანაში ნიღბების ტარების მონაცემი 70 პროცენტი იყო.

ნიღბების ტარების მაჩვენებელი საქართველოში/IHME

აღნიშნული მოდელირების მიხედვით, ევროპაში ნიღბების ტარების საშუალო მონაცემი, ამჟამად 67 პროცენტია.

ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის მოდელირების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ნიღბების ტარება საქართველოში 95 პროცენტს მიაღწევდა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ვირუსის მსგავსი გავრცელების პირობებში, მაისის ბოლოსთვის დღეში 0.51-დან 2 გარდაცვლილამდე იქნებოდა.

რა არის IHME-ს კორონავირუსის მოდელირება

ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის ახალი კორონავირუსის პროექცია არის საჯარო წვდომის მოდელირება, რომლის ნახვაც ინსტიტუტის ვებ-გვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. პროექტი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენებს ვირუსის გავრცელების, გარდაცვალებათა, ინფიცირებულთა და შესაძლო ინფიცირებულთა მოსალოდნელ მაჩვენებლებს.

წარსულში მოდელირება ითვლიდა მოვლენათა განვითარებას სამი სხვადასხვა სცენარის პირობებში. მათ შორის:

  1. ამჟამინდელი პროექციის სცენარი, რომლის დროსაც ივარაუდება, რომ სოციალური დისტანცირების რეგულაციები განაგრძობს შემცირებას, თუმცა ხელახლა იქნება შემოღებული ექვსი კვირის განმავლობაში, თუ დღიური გარდაცვალებათა ზღვარი მიაღწევს 8-ს ყოველ მილიონ ადამიანზე;
  2. შეზღუდვების გამარტივების სცენარი, რომლის მიხედვითაც, შეზღუდვები გამარტივდება და აღარ დაბრუნდება არცერთ შემთხვევაში;
  3. ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარი, რომლის დროსაც ივარაუდება, რომ მოსახლეობის მიერ ნიღბების გამოყენება ფართოდ და ეფექტიანად დაინერგება, მიაღწევს 95%-ს მომდევნო შვიდ დღეში, სოციალური დისტანცირების მოთხოვნები განაგრძობს გამარტივებას, თუმცა თავიდან დაწესდება მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, თუ დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი მიაღწევს 8 გარდაცვლილს ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ამჟამად კი არსებობს ისევ სამი სცენარი, თუმცა შეზღუდვების გამარტივების დაშვება შეიცვალა მოვლენათა “ყველაზე ცუდი” განვითარების სცენარით, ასევე შეიცვალა ამჟამინდელი პროექციისა და ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარების მნიშვნელობა.

დღეს მოდელირება ითვლის შემდეგ სცენარებს:

  1. “ამჟამინდელი პროექციის” სცენარის დროს, გათვალისწინებულია, რომ ვირუსის ახალი შტამების გავრცელება იმეორებს მისი გავრცელების ტემპებს ბრიტანეთში, ვაქცინაცია დაგეგმილი ტემპებით მიმდინარეობს და ნიღბების გამოყენება რჩება იმავე ნიშნულზე, რაც დღესაა;
  2. “ყველაზე ცუდი” სცენარის დროს, მომდევნო 21 დღის მანძილზე ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამები ვრცელდება იმ ადგილებშიც, სადაც აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული ადგილობრივი გადადება, ვაქცინაცია მიმდინარეობს დადგმილი ტემპებით, თუმცა ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ, ნიღბების გამოყენების მონაცემი ვაქცინირებულ მოსახლეობაში იკლებს;
  3. “ნიღნების საყოველთაო გამოყენების სცენარი”, რაც იგივეა, რაც ამჟამინდელი პროექციის სცენარი, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ნიღბებს მოსახლეობის 95% იყენებს.

საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის ინფექციის 276 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და გარდაიცვალა 3 600-ზე მეტი მოქალაქე.

საქართველოში ასტრაზენეკის ვაქცინის გამოყენებით ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. საქართველო COVAX პლატფორმის გამოყენებით, მიიღებს ფპაიზერის მიერ წარმოებულ ვაქცინებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი