“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ არის.
ასე უპასუხა კობახიძემ კითხვას, არის თუ არა რაიმე ფორმით ჩართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ბიძინა ივანიშვილი ან თუ აქვთ კონსულტაციები “ქართული ოცნების” წევრებს მასთან, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის რჩევა გუნდისთვის საინტერესოა, თუმცა გუნდს მასთან კონსულტაციები არ აქვს.
“რაც შეეხება პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მან დატოვა პოლიტიკა და შესაბამისად, ის არ არის ჩართული არცერთ პროცესში. ეს იყო მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიცია ის დღემდე იცავს პრინციპულად და ასე გაგრძელდება იმიტომ, რომ ეს იყო მისი მკაფიო განცხადება პოლიტიკის დატოვებასთან დაკავშირებით. მისი პრინციპული პოზიციაც რადგან ეს იყო, გუნდიც არ აძლევს თავს იმის უფლებას, რომ რაღაცნაირად სცადოს[კონსულტაციები]. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა მისი რჩევები ამ ვითარებაში, მაგრამ რადგან ეს იყო მისი პრინციპული პოზიცია, ჩვენ გვავქვს დისტანცია დაკავებული”, — განაცხადა კობახიძემ.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, რომლის განსამუხტადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიატორად საქართველოში პირადი წარმომადგენელი გამოაგზავნა, რომელიც უკვე 1 კვირაა ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს.
გუშინ, 17 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა.
გუშინ ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები დღეს, 18 მარტს, გაგრძელდებოდა.