საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 3 პირი: 1993 წელს დაბადებული გ.ჭ. 1977 წელს დაბადებული მ.შ. და 1991 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 8 მარტს, ბრალდებულები თურქული კომპანიის კუთვნილი “ნისან ნავარას” მარკის ავტომობილს ქალაქ ზუგდიდიდში ფარულად დაეუფლნენ და სოფელ ახალსოფელში, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს, სადაც, შემდგომ რეალიზაციის მიზნით ავტომობილი ნაწილებად დაშალეს.
შსს-ის განცხადებით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნაქურდალი ავტომობილი დაშლილ მდგომარეობაში და მისივე ნაწილები.
სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ბრალდებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.