შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას ბანერისთვის სროლის ფაქტზე 1991 წელს დაბადებული დ.კ, კახეთში დააკავეს.
გამოძიების თანახმად, 17 მარტს, დ.კ.-მ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს ავტომობილიდან, პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც შსს აცხადებს, პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღო. უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
17 მარტს, ენმ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, სავარაუდოდ, იარაღით ესროლეს. “ნეტგაზეთს” პარტიაში უთხრეს, რომ უცნობმა პირმა ოფისზე გამოკრულ ნიკა მელიას ბანერს მანქანიდან ესროლა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ ენმ-მ საკუთარ ოფისს თავად ესროლა.
“ყოველთვის, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან”, – თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მან როგორც პარლამენტის წევრმა მოიკითხა და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა.
“ამასთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაცია მაქვს, თუმცა ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა განაცხადონ, როგორ წარიმართება გამოძიების პროცესი”, – აღნიშნა კობახიძემ.