ახალი ამბები

„მე დიასპორა არ ვარ“ – პარლამენტთან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების აქცია დაიგეგმა

18 მარტი, 2021 •
„მე დიასპორა არ ვარ“ – პარლამენტთან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების აქცია დაიგეგმა

18 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილია აქცია, სადაც პარლამენტის უკანასკნელ გადაწყვეტილებას გააკრიტიკებენ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით.

15 მარტს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შექმნა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საბჭოს ხელმძღვანელად პარლამენტარი რიმა ბერაძე დაასახელა.

ბერაძის ინფორმაციით, საბჭოს მიზნებს შორისაა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა საპარლამენტო საქმიანობაში, აღნიშნული ჯგუფების მიმართ სისტემური პოლიტიკის ჩამოყალიბება და ორმხრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა და სხვა.

„რა თქმა უნდა, ასეთი მიზნით საბჭოს შექმნა თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, როცა ასეთი საბჭო იქმნება დიასპორის კომიტეტის ბაზაზე, ნათელი ხდება, რომ საქართველოს პარლამენტიც და სახელმწიფოც ეთნიკურ უმცირესობებს უყურებს, როგორც სხვა ქვეყნების დიასპორას“, – წერია აქციის ორგანიზატორი ჯგუფის, სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს მაშინ, როდესაც საქართველოს აზერბაიჯანული თემის დიდი ნაწილი, ბოლო წლების განმავლობაში, ღიად ეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების მიერ ჩვენს დიასპორად განხილვის რიტორიკას და პოლიტიკას“, – დასძენს „სალამი“.

სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, ეროვნული უმცირესობა არის „მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინანტი აწილი, რომელიც უმრავლესობისაგან განსხვავდება თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით“. რაც შეეხება დიასპორას, — ამჟამინდელი გაგებით, ეწოდება საკუთარი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ემიგრანტულ თემს.

„სალამის“ განცხადებით, პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შედეგად ნათელი ხდება, რომ „ჩვენ, ახალგაზრდები, უფრო ადეკვატურნი და გულწრფელნი ვყოფილვართ ეროვნული ინტერესების და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საკითხების მიმართ, ვიდრე საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო სტრუქტურები“.

„მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ძირს უთხრის სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის იდეას“, – წერია განცხადებაში.

აქციაზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ეპატიჟებიან „ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები სხვა ქვეყნის დიასპორას არ წარმოადგენენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი