ნეტგაზეთი | თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის – Netgazeti
RU | GE  
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები სტაჟირებას საზოგადოებრივ მაუწყებელში გაივლიან.

ამის შესახებ მემორანდუმს  ხელი მოაწერეს   თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

„პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება წარმატებული იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის“,- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, „პირველი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია პირველ არხზე, უფრო დაუახლოვდნენ საკუთარ მომავალ პროფესიას, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, საერთაშორისო ტრენინგებში.“

„ჩვენ  დავეხმარებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტისკის მიმართულების სტუდენტებს იმაში, რომ პრაქტიკული სამუშაო იყოს უფრო ხილული. ასევე, დავგეგმეთ რამდენიმე აქტივობა. მათ შორის, ონლაინ სესიები, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის სასწავლო ცენტრთან ერთად განახორციელებს. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რადგან ტრენინგებს ევროპაში საუკეთესო პროფესიონალები ჩაატარებენ,“- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური ტელე-რადიო სპეციალისტების მომზადება, რაც ნაკარნახევია, როგორც პროფესიული განათლების ხელშეწყობის აუცილებლობით, ასევე, პროფესიულ სტუდენტთა სწავლის მოტივაციის გაზრდის სურვილით. 

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის მემორანდუმი ემსახურება ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობას. დღევანდელი მედიასივრცის გათვალისწინებით, ამის საჭიროება ნამდვილად არის – ეთიკის ნორმებითა და პროფესიული უნარებით შეიარაღებული ახალგაზრდა კადრების გასვლა შრომის ბაზარზე,“- აღნიშნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ

სტუდენტების სტაჟირებასთან ერთად, მემორანდუმის თანახმად, მხარეები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციებში, მასტერკლასებში, სემინარებსა და სასწავლო-პრაქტიკულ პროექტებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი