ახალი ამბები

ბაქრაძე დანიელსონთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

17 მარტი, 2021 • 833
ბაქრაძე დანიელსონთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან დღეს დანიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ბაქრაძე, რომელმაც პარტიული პოლიტიკიდან პაუზის აღების შესახებ 12 თებერვალს განაცხადა, დანიელსონთან ამ დრომდე გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა. ამავდროულად, “ევროპული საქართველოდან” მოლაპარაკებებში ჩართულია გიგა ბოკერია.

“მოლაპარაკებების ყველა შეხვედრის კონკრეტულ შემადგენლობას განსაზღვრავს ევროპული მხარე, როგორც პროცესის მედიატორი და მასპინძელი. სწორედ მათი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ შეხვედრაში ყველა პარტია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენლით. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად, ასეთ მომენტში წარმოვადგენდე პარტია “ევროპულ საქართველოს”, რომლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ვაცნობე საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა თხოვნით, პარტიის აპრილის ყრილობამდე ჯერ კიდევ ვითავსებ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, პარტიიდან ფაქტობრივად უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის სახელით არ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ მოლაპარაკებებში. პარტიას წარმოადგენს გიგა ბოკერია, რომელიც, როგორც ცნობილია, აპირებს “ევროპული საქართველოს” ლიდერად დარჩენას”, – განმარტავს დავით ბაქრაძე.

ის წარმატებულ მოლაპარაკებებს უსურვებს კოლეგებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდზე მიღწეული შედეგების თაობაზე თავის პოზიციებსა და შეფასებას საზოგადოებას გააცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი