ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი ქალი გალის საავადმყოფოში მუშაობდა

17 მარტი, 2021 • 798
საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი ქალი გალის საავადმყოფოში მუშაობდა

62 წლის ნარგიზა აბუთიძე, რომელიც აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ სავალდებულო კარანტინში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, გალის ცენტრალური საავადმყოფოს ვაქცინაციის კაბინეტის თანამშრომელი იყო.

ქალი საკარანტინო სივრცეში გუშინ, 16 მარტს მოათავსეს.

ნეტგაზეთი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აფხაზეთის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ქეთევან ბაკარაძეს დაუკავშირდა.

როგორც ქეთევან ბაკარაძემ განგვიცხადა, 62 წლის ნარგიზა აბუთიძე საკარანტინო სივრცეში გადაყვანამდე, არსებული რეგულაციებისა და პროტოკოლის შესაბამისად, ექიმის მიერ შეფასდა და იმ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი სტაციონარში გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა.

მინისტრის განმარტებითვე, ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა.


2021 წლის პირველ თებერვლამდე კარანტინის ვადად განისაზღვრებოდა 12 დღე, თუმცა, ქართული მხარის 11 თებერვლის ოფიციალური განცხადებით “ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის შეიქმნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი დაჰყოფენ 5 საკარანტინო დღეს”.

აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის კარანტინის მოხსნასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფმა იმავე დღეს პეტიციაც შექმნა.

„მოვითხოვთ, რომ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის. საქართველოს მთავრობა ვალდებულია, შეუქმნას ადამიანური პირობები გალის მოსახლეობას“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექტსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი