აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ, სავალდებულო კარანტინის გავლის დროს, 63 წლის პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი ქალი საკარანტინო სივრცეში 16 მარტს მოათავსეს.
პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ლაივპრესმა გაავრცელა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ან სხვა შესაბამის უწყებებს ქალის გარდაცვალების ფაქტზე განცხადება ან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
2021 წლის პირველ თებერვლამდე კარანტინის ვადად განისაზღვრებოდა 12 დღე, თუმცა, ქართული მხარის 11 თებერვლის ოფიციალური განცხადებით, “ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის შეიქმნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი დაჰყოფენ 5 საკარანტინო დღეს”.
აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის კარანტინის მოხსნასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფმა იმავე დღეს პეტიციაც შექმნა.
„მოვითხოვთ, რომ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის. საქართველოს მთავრობა ვალდებულია, შეუქმნას ადამიანური პირობები გალის მოსახლეობას“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექტსში.