ახალი ამბები

შემდეგომი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება — პრემიერი

16 მარტი, 2021 •
შემდეგომი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება — პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. ამის შესახებ მან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, დღეს, 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რომ ჩატარდეს არჩევნები. ჩვენ 2020 ოქტომბერში გვქონდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, ODIHR-მა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ეუთომ ეს არჩევნები აღიარა როგორც კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და სამართლიანი. შესაბამისად, შემდეგომი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება”, — თქვა ღარიბაშვილმა.

მას ასევე დაუსვეს კითხვები პოლიტპატიმრებთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება სასამართლო რეფორმას 2012 წლიდან ახორციელებს.

“მართლა კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა. უტრირებას არ მოვახდენ, თუ ამას აღვნიშნავ. მთელი რიგი რეფორმების წყალობით გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლო მიმართულებით. სასამართლო სისტემა მზაობას აცხადებს, ამ მიმართულებით სვლა განაგრძოს.

რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც პატიმრების გათავისუფლებას უკავშირდება, პოლიტიკოსობა იმუნიტეტი არ გახლავთ და თუ პოლიტიკოსი რაღაც დანაშაულს ან უკანონობას სჩადის, რასაკვირველია, მან პასუხი უნდა აგოს საკუთარ საქციელზე. ჩემზე არ არის დამოკიდებული გადავწყვიტო, როდის ან საერთოდ გავათავისუფლო თუ არა პატიმრები, ეს არის კანონის უზენაესობის საკითხი და ეს გახლავთ სასამართლო სისტემის გადასაწყვეტი, ვინ ჩასვას ციხეში თუ გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი