ახალი ამბები

სწრაფი კვების რესტორანი კოვიდვაქცინირებულებს ფასდაკლებით მოემსახურება

16 მარტი, 2021 •
სწრაფი კვების რესტორანი კოვიდვაქცინირებულებს ფასდაკლებით მოემსახურება

სწრაფი კვების რესტორანი “მანჯისთან”, რომელიც თბილისში მდებარეობს, ყველა ადამიანს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნება აცრილი, თავის პროდუქციაზე 50%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.

იმისათვის, რომ ვაქცინირებულმა ფასდაკლებით ისარგებლოს, რესტორანში ადგილზე უნდა მივიდეს და წარადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. გარდა ფასდაკლებისა, რესტორანი ვაქცინირებულ მომხმარებელს “განსაკუთრებული კერძით” გამასპინძლებასაც ჰპირდება.

“ვიფიქრეთ, რომ ამ ქმედებში შეიძლება სხვებიც აგვყვნენ და გამოვიდეს ერთგვარი კამპანია. ჩვენი მიზანია, წავახალისოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია, რათა ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი და დავასრულოთ პანდემია”, — განუცხადეს “ნეტგაზეთს” სწრაფი კვების რესტორანში.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს ჩამოვიდა, ვაქცინაცია კი 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე მედიკოსები იცრებიან, შემდეგ კი, სხვა რისკჯგუფები.

მასალების გადაბეჭდვის წესი