ახალი ამბები

“90 მუთაქა” აქ ვართ, მაგრამ თქვენ მგლობის მე ვერაფერი შეგატყვეთ – წულუკიანი ელისაშვილს

16 მარტი, 2021 •
“90 მუთაქა” აქ ვართ, მაგრამ თქვენ მგლობის მე ვერაფერი შეგატყვეთ – წულუკიანი ელისაშვილს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარტია “მოქალაქეების” წევრს, ალეკო ელისაშვილს ბათუმის ბულვარში მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო “არაკომპენტური” უწოდა.

ალეკო ელისაშვილის თქმით,  „როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი“, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ერთ დეპუტატს არ აქვს უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური მის წინაშე ანგარიშვალდებულად აქციოს.

თუმცა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობა მისთვისაც მიუღებელია.

“თუ ჩვენ გავიხსენებთ თქვენს პარლამენტში შემოსვლამდე გამონათქვამებს, ბატონო ალეკო, თქვენ თქვით ასეთი რამ: “პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა “ქართული ოცნებიდან” და 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთ”. ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის მე ვერაფერი შეგატყვეთ.

თქვენ არამცთუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ ერთ დეპუტატს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში აქვს რაიმე ტიპის უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე, ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა და ძალიან პატისცემით მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს გვერდით მჯდარ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხეთ ხოლმე. ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანო, მაგრამ ეს ის ორგანოა, რომელიც სამართლებრივ და კანონის შემოქმედებით ფუნქციას ატარებს და ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს პოლიტიკურ-სამართლებრივია. შესაბამისად, სამართლებრივი კატეგორიებით თუ შესანიშნავად ოპერირებს ისეთი ცნობილი მედიკოსი, როგორიც არის ჩემ წინ გამომსვლელი ლადო კახაძე, ალბათ, თქვენც ამას კარგად შეძლებთ, რადგან მედიცინა და იურისპრუდენცია შეიძლება, არ იყოს მაინცდამაინც ახლოს მდგომი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მყვირალა მაგალითია, როგორ შეიძლება, ადამიანი სულ სხვა პროფესიიდან იყო კვალიფიციური დეპუტატი”, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანი ასევე შეეხო კულტურის სამინისტროს გამოყოფას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან და იმის გამო, რომ ელისაშვილი სამინისტროების გაყოფას მხარს არ უჭერს, მას “ფარისეველი” უწოდა.

“რაც შეეხება კულტურას,  ბატონო ალეკო,  თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ, რადგან ვითომ წუხხართ ბათუმზე. რა გაცინებთ, თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე, რა თავს აქიცინებთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც ვითომ წუხს ბათუმის ბულვარსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. თქვენ ხართ ერთადერთი წევრი ჩემს კომიტეტში, რომელიც იმის წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა თავისი სამინისტრო. თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არ არის კულტურის მომხრეობა, ეს არის უკულტურობა. შესაბამისად, ღმერთს ადამიანისთვის ენა იმისთვის არ მიუცია და, მით უმეტეს, კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს. მჯერა, ბატონი რიჟვაძე მოძებნის დროს, თქვენ წინააღმდეგ ცილისწამებაზე სარჩელი შეიტანოს, რადგან თქვენ დანაშაულში ამხილეთ ის. ქრთამის აღება დანაშაულია და თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ამის მტკიცებულებები არ გაქვთ, მოგიწევთ ამის უარყოფა.

თუმცა ბათუმის ბულვარში ის რამდენიმე სართულიც კი მიუღებელია ჩემთვისაც, თუმცა, პრეისტორიას თუ გავიხსენებთ, იქ ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო. სწორედ რიჟვაძე იყო ის, ვინც შეძლო, მინიმუმამდე დაეყვანა ზიანი. თუმცა ზიანი სახეზეა და, რა თქმა უნდა, აქ ალეკოსთან მაქვს თანხვედრა. მე არ მიჭირს ამის თქმა, იმიტომ, რომ ითვლება, რომ ოპოზიციონერს არ უნდა დაეთანხმო და ოპოზიციაში თუ ხარ, ხელისუფლებას არ უნდა დაეთანხმო. დიახ, მეც ვთვლი, რომ ბათუმის ბულვარს ეკუთვნის უფრო მეტი, ანუ მოფრთხილება და არა ამგვარი მშენებლობები, თუმცა არ უნდა ავურიოთ რაღაცები ერთმანეთში, თუ გვინდა, რომ ვიყოთ სამართლიანები”, — განაცხადა წულუკიანმა.


ბულვარში 16 სართულის მშენებლობას პარლამენტში დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ის იყო ბათუმში და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა შეხვდეს ბათუმელებს, რომლებიც უკვე სამი თვეა აპროტესტებენ ბულვარში მშენებლობას, მაგრამ მათი ხმა არავის ესმის:

„ბათუმში ყველამ ვიცით, რომ მიდის გაშმაგებული მშენებლობები. ვიცით, რომ მშენებლობაც კარგია, განვითარებაც კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია ქაოსი, უპატრონობა და განუკითხაობა. ბათუმის გენგეგმა უკვე, ღმერთმა უწყის, მერამდენე ჯერზე ჩავარდა და ჩავარდა აგერ ბოლოს ერთი კვირის წინ. გენგეგმა ჩავარდა, მაგრამ მშენებლობები არ ჩერდება და მიდის კოსმოსში კორპუსები, ვისაც რა უნდა, იმას აშენებს, როგორც უნდა, ისე აშენებს, სადაც უნდა, ისე აშენებს და კაცი გამკითხავი არ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბათუმში, ყველამ ვიცით, ეს არის ბულვარი. მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარი, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ აშენება არაფრის არ შეიძლება, არადა 19 სართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის და არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი.

სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და ეს სამი უკვე 19 სართულამდე ავიდა და ასე გეომეტრიული პროგრესიით ამ კორპუსის სართულიანობა იზრდება. როგორც ჩანს, საკრებულო აბსოლუტურად ნომინალურია ბათუმში, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს არ აკეთებს.

ამდენად, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მსურს გთხოვოთ და გადმოგცეთ ჩემი თხოვნაც და ქუჩაში მდგომი ბათუმელების თხოვნაც, რომ ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, რომ ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ – ძეგლში მშენებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოუსმინოთ ამ ადამიანებს, მათ წუხილებს, ისინი არიან მზად ჩამოვიდნენ ნებისმიერ დროს“.

ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენების ნებართვა ახლახან გასცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა. ბულვარში კორპუსს აშენებს ბათუმური კომპანია „ანაგი“ „ამბასადორი ბათუმის“ დაკვეთით.

მასალების გადაბეჭდვის წესი