ახალი ამბები

საპროტესტო მოძრაობა რადიკალური ხდება, გაისმის პოლიტიკური მოთხოვნები – თურნავა “ნამახვან ჰესზე”

16 მარტი, 2021 •
საპროტესტო მოძრაობა რადიკალური ხდება, გაისმის პოლიტიკური მოთხოვნები – თურნავა “ნამახვან ჰესზე”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ “ნამახვანი ჰესის” მოწინააღმდეგეთა პროტესტი ნელ-ნელა რადიკალური ხდება და ამის დასტურად მინისტრი პროტესტის მონაწილეთა “პოლიტიკურ” მოთხოვნებს ასახელებს. თურნავა, რომლის გადადგომაც 14 მარტს ქუთაისში გამართულ აქციაზე მოითხოვეს, ამბობს, რომ მთავრობისთვის ულტიმატუმის ენა მიუღებელია.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო რადიკალური ხდება. რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ გუშინდელ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც ეკოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიუღებელია ჩვენთვის ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც. ჩვენი კარი დიალოგისთვის კვლავაც ღიაა, ოღონდ ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე.”

14 მარტს ქუთაისში “ნამახვანი ჰესის” წინააღმდეგ აქცია კვლავ გაიმართა. აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო, გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ.

ამასთან, აქციის მოთხოვნებს დაემატა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომა. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი მოთხოვნა გამოწვეულია ნათია თურნავას მიერ 12 მარტს “ნამახვან ჰესზე” შეხვედრის დატოვებით.

რას პასუხობს ეკონომიკის მინისტრი EMC-ის კითხვებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი