ახალი ამბები

კრისტიან დანიელსონი ქართულ ოცნებას ხვდება

15 მარტი, 2021 •
კრისტიან დანიელსონი ქართულ ოცნებას ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობას.

შეხვედრას ქართული ოცნების მხრიდან ესწრებიან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი.

“არცერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან, ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა და ისიც არის ძალიან ბუნდოვანი წინადადება მათი მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას, ჩვენი მოტივაციაა ის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების მისაღწევად იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დაწყების წინ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ახმიანებენ შეხვედრის დეტალებს, რაც მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ქართული ოცნება მაინც ცდილობს შეთანხმების ჩაშლას.


საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით განახლდა. 12 მარტს ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, დანიელსონმა განაცხადა ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივების შესახებ. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება, რათა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი