ახალი ამბები

საკუთარი მაგალითით მოვუწოდოთ მოქალაქეებს აცრისკენ – გამყრელიძე მედპერსონალს

15 მარტი, 2021 •
საკუთარი მაგალითით მოვუწოდოთ მოქალაქეებს აცრისკენ – გამყრელიძე მედპერსონალს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძვანელი ამირან გამყრელიძე მიმართავს სამედიცინო მუშაკებს, თავიანთი მაგალითით მოუწოდონ მოქალაქეებს აცრისკენ.

გამყრელიძე წერს, რომ კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა ღვაწლი ფასდაუდებელია. ამავე წერილში გამყრელიძე კოვიდსტატისტიკაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პანდემიამ, სამწუხაროდ, 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ადამიანთა ნაწილში გამოჯანმრთელების მიუხედავად, ამ დაავადებამ გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი ცვლილებები. პრობლემაა ასევე პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებისათვის არსებული შეზღუდვების გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და სხვა სასიცოხლოდ მნიშვნელოვან სფეროებზე. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა და ამ ვერაგი დაავადების გამო მისი რიგები, სამწუხაროდ, დატოვა ბევრმა გამორჩეულმა და ღვაწლმოსილმა ჩვენმა კოლეგამ“, – ამბობს გამყრელიძე.

ამავე ღია წერილში გამყრელიძე განმარტავს, რომ მიუხედავად ინფექციის მასშტაბის გარკვეული შემცირებისა, ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ პანდემიის დასრულებამდე. პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური და მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული ბრძოლა კი ვაქცინაციაა.

„დღეისათვის საქართველოს მთავრობის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, კოვაქს პლატფორმისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ქვეყანამ შეძლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, მაღალი ეფექტურობის მქონე ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა და ვაქცინებით მომარაგება გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში, რათა მივაღწიოთ აცრილთა მოცვის წლევანდელ სამიზნეს – მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას.

ამ ეტაპზე მიღებული რაოდენობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ რიგში მიმართული იქნება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალის იმუნიზაციისთვის, რათა მათი აცრით დავიცვათ მათი და დანარჩენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

თითოეულ თქვენგანს, ყველა ჩემს კოლეგას, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, საკუთარი მაგალითით მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ. პირადი ქცევით ვუჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი როლი პანდემიის დამარცხების გზაზე, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

იმედი მაქვს, შევძლებთ ქვეყნის კეთილდღეობისათვის ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გაზიარებას, მაგალითის მიცემას და ერთობლივად დავამარცხებთ 21-ე საუკუნის ამ საშიშ გამოწვევას“, – წერს გამყრელიძე.


დღეს, 15 მარტს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ეროვნული გეგმის თანახმად, პირველი რგოლი, ვინც ქვეყანაში უნდა აიცრას – სამედიცინო საზოგადოებაა.

დღესვე სხვა ექიმებთან თუ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან ერთად აიცრნენ პაატა იმნაძე, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი