ახალი ამბები

“მოულოდნელი იყო” — მდინარაძე დანიელსონის საქართველოში დარჩენაზე

15 მარტი, 2021 •
“მოულოდნელი იყო” — მდინარაძე დანიელსონის საქართველოში დარჩენაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის თბილისში დარჩენა მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი იყო.

“თუკი ოპტიმიზმის საფუძველს რამე გვაძლევს, მათ შორის იყო გუშინდელი ძალიან კარგი გადაწყვეტილება და მოულოდნელი- საღამოს, როდესაც დანიელსონი დარჩა იმისათვის, რომ საქართველოში მისი მედიაციით მხარეებს შორის მოლაპარაკება გაგრძელებულიყო”, — განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ოპოზიციის წევრებს მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი მოლაპარაკების დეტალებს ინტერპრეტაციით ავრცელებენ.

“არ შეიძლება, მათ შორის, არც წითელ ხაზებზე საუბარი და არც სხვა დეტალებზე. შეიძლება მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი არის სამართლიანი და გამომდინარეობს სამართლიანობის პრინციპიდან”, — განაცხადა მდინარაძემ.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, დანიელსონმა ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივების შესახებ განაცხადა. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება, რათა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი