ახალი ამბები

გამყრელიძის თქმით, მარტის ბოლოს “კომენდანტის საათის” გაუქმება ან გადაწევაა შესაძლებელი

15 მარტი, 2021 •
გამყრელიძის თქმით, მარტის ბოლოს “კომენდანტის საათის” გაუქმება ან გადაწევაა შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მარტის ბოლოსთვის “კომენდანტის საათის” გაუქმება ან ვადების გადაწევაა შესაძლებელი, თუმცა ეს დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან დღეს, 15 მარტს ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ “ნელ-ნელა დაიწყება “კომენდანტის საათის” მოხსნა”, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ყოველი შემსუბუქების შემდეგ ისინი [მთავრობა და ეპიდემიოლოგები] ეპიდსიტუაციას ერთი-ორი კვირის განმავლობაში აკვირდებიან და “თუ ეპიდსიტუაცია ასეთი სტაბილური იქნება, შემდგომ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება”.

“დარწმუნებული ვარ, რასაც მეკითხებით [კომენდანტის საათი], ისიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე”, — მიმართა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

სრულად გაუქმდება “კომენდანტის საათი” თუ მისი ვადები გადაიწევს, გამყრელიძის თქმით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი