გიგი გიგიაძემ საგარეო უწყება დატოვა და მუშაობას EPRC-ში გააგრძელებს

საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტრო დატოვა და მუშაობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრში (EPRC) დაიწყო.

გიგიაძე ერთადერთი ელჩი იყო, რომელმაც საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. გიგიაძის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ის “გაკვირვებულია”, ხოლო “ოცნების’ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები”.

2021 წლის იანვარში გიგიაძე ელჩის პოზიციიდან გამოიწვიეს, როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, საროტაციო ვადის გასვლის გამო.

“როგორც უკვე ცნობილი იყო, როტაციის დასრულების შემდეგ ჩავირიცხე დიპლომატიურ რეზერვში და აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეიდან დავიწყე მუშაობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში”,-უთხრა გიგიაძემ ნეტგაზეთს.

მისი განმარტებით, სამინისტროში სტანდარტული, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც დიპლომატები სანშობლოში ბრუნდებიან, ისინი ირიცხებიან დიპლომატიურ რეზერვში ახალი თანამდებობაზე დანიშვამდე. ახალ თანამდებობაზე დანიშვნა კი შეიძლება მოხდეს მალე, ან დიდი ხანი დასჭირდეს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მისი გადაყვანა დიპლომატიურ რეზერვში იყო თუ არა კავშირში მელაშილი/ილიჩოვას საკითხზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, გიგიაძემ ასე უპასუხა:

“აღნიშნულ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩემს სრულ მხარდაჭერას ბატონი ივერისა და ქალბატონი ნატალიასადმი”, – ამბობს გიგიაძე.
გიგიაძემ ჯერ კიდევ ელჩად ყოფნისას, გასული წლის 7 ოქტომბერს, მხარდაჭერა გამოუცხადა მელაშვილს და დაწერა, რომ „ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი“.

გიგი გიგიაძე 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა წლებში იყო გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი დესპანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და  ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მთავარი მომლაპარაკებელი;