ახალი ამბები

“რა ჯანდაბა უნდა EU-ს დროშას აქ” – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კობახიძის ინტერვიუზე

15 მარტი, 2021 • 958
“რა ჯანდაბა უნდა EU-ს დროშას აქ” – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კობახიძის ინტერვიუზე

“კანონის უზენაესობის განსაკუთრებით გროტესკული დარღვევის გათვალისწინებით, რაც აქაა აღწერილი, ჩემი კითხვაა, რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა ინტერვიუს ფონად?”, – ასე გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 12 მარტს გასულ ინტერვიუს ნაწყვეტს, სადაც ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიაში მელიას დაკავებაზე ჯერ კიდევ მაშინ მსჯელობდნენ, როდესაც მოსამართლეს საბოლოო განაჩენი არ ჰქონდა გამოტანილი.

ინტერვიუს გავრცელებულ ნაწყვეტში კობახიძე აცხადებს, რომ 17 თებერვლის 17 საათმდე ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გიორგი გახარიას პოზიციები იყო ზუსტად იმის იდენტური, რაც გუნდის სხვა წევრებს ჰქონდათ, თუმცა ამის შემდგომ ეს პოზიცია შეიცვალა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ ახსოვს ასე მკაფიოდ 17 საათი, კობახიძე პასუხობს;

“ეს ზუსტად გვახსოვს იმიტომ, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როცა ეს კომუნიკაცია შედგა. მანამდე ყველა ერთ აზრზე იყო. [გახარიას მხრიდან] დაფიქსირდა პოზიცია თავდაპირველად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ოპერაცია უნდა გადადებულიყო და შემდეგ საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე, რაც ჩვენთვის გაუგებარი იყო. არგუმენტი ჩვენთვის მყარი არ იყო, არგუმენტი იყო, რომ თითქოს 2 დღის შემდეგ ადამიანების კონცენტრაცია უფრო ნაკლები იქნებოდა, ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. 2 დღეში ადამიანების კონცენტრაცია პირიქით, გაიზარდა [ენმ-ის ოფისში], რამაც შედარებით გაართულა ოპერაციის ჩატარება”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ზუსტად იცოდნენ, მელიას დაკავების ოპერაცია განსაკუთრებული გართულების გარეშე დასრულდებოდა.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში  საათების განმავლობაში გრძელდებოდა ნიკა მელიას საქმის პროცესი, რომელსაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი უძღვებოდა. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტაცია და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მან ეს გააკეთა 22 საათის შემდეგ [გადაწყვეტილება დაახლოებით 22:20 საათზე გამოცხადდა], შესაბამისად, უცნობია, რაზე დაყრდნობით მსჯელობდნენ “ქართული ოცნების’ ლიდერები მელიას დაკავების ოპერაციაზე თუ მის გადადებაზე, რის შესახებაც კობახიძე საუბრობს.


ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავების შესახებ, როგორც პროცესების შესაძლო განვითარების სცენარზე, საუბარი ნამდვილად იყო პარტიაში.

მისივე თქმით, იყო ორი ვერსია: “მოსამართლე პროკურატურის მიმართვას ან დააკმაყოფილებდა, ან არ დააკმაყოფილებდა. ერთ-ერთი ვერსიის აღსრულებაზე ვმსჯელობდით. პოლიტსაბჭოზე კი არა, უმრავლესობის სხდომაზეც გვქონდა ამაზე საუბარი”, – განაცხადა მაშინ მდინარაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, კობახიძის განცხადება იყო აღიარება და ამაზე უნდა დაწყებულიყო გამოძიება.

მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია 17 თებერვლის 17 საათიდან შეიცვალა – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი