ახალი ამბები

„დავიძრებით თბილისში თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“ – აქცია ნამახვანიჰესის წინააღმდეგ

14 მარტი, 2021 • 1044
„დავიძრებით თბილისში თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“ – აქცია ნამახვანიჰესის წინააღმდეგ

დღეს, 14 მარტს, ქუთაისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი აქცია  გაიმართა.

აქციის ძირითადი მოთხოვნაა გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ.

აქცია დაახლოებით დღის 4 საათზე დასრულდა.

ადგილზე დარჩა საორგანიზაციო ჯგუფი „რიონის ხეობის მცველები“, რომელიც 142-ე დღეს გაათენებენ, ამჯერად ქუთაისში.

აქციის დასრულების შემდეგ პოლიციამ ცენტრალურ მოედანზე გზა გახსნა და წრიული მოძრაობა აღადგინა, თუმცა დემონსტრანტებისთვის პოლიციელებმა მაინც დატოვეს ჯებირებით შემოსაზღვრული სივრცე ამავე მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ, სადაც დემონსტრანტებმა მანქანების დაყენება დაიწყეს, ისე, როგორც დაანონსებული ჰქონდათ.

ხვალ დილით „რიონის ხეობის მცველები“, მხარდამჭერებთან ერთად, რიონის ხეობაში დაბრუნებას გეგმავენ. მათ დღევანდელ აქციაზე, აქამდე არსებულ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა დაამატეს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ორგანიზატორები შემდეგ, კიდევ უფრო მასშტაბურ დემონსტრაციას თბილისში, პარლამენტის წინ აანონსებენ.

„ჩვენ გვინდა ხელისუფლებას ესმოდეს საკუთარი ხალხის, ჩამოვყალიბდეთ ისეთ სამოქალაქო საზოგადოებად, რომელსაც გვექნება რეფერენდუმის მოთხოვნის უფლება, რომ მსგავსი საკითხები რეფერენდუმით გადაწყდეს.

მოვუწოდებთ ბატონ პრემიერს, თუ კი არ გაითვალისწინებენ ათასობით, ათი ათასობით ადამიანის პოზიციას, იქმნება საინიციატივო ჯგუფები და ჩვენ დავიძრებით თბილისში და ვიქნებით გაცილებით მეტნი. შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან, თუ კი ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.

რა სურათსაც ისინი მიიღებენ თბილისში, არ იქნება ის, რაც არის აქ დღეს. ჩვენ ვიქნებით გაცილებით მეტნი, ვიდრე დღეს ვართ, ჩვენ შევაჯანჯღარებთ ხელისუფლებას, რომელიც თვლის, რომ ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არის მხოლოდ კოლექტიური გადაწყვეტილების საგანი. არ შეიძლება ცალკეულმა ხელისუფალმა გადაწყვიტოს ისეთი რამ, რასაც ამდენი ხალხი ეწინააღმდეგება.

ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, მოეგონ გონს! ჩვენ არ გვინდა გადავზარდოთ ეს ყველაფერი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებში და წავიდეთ რევოლუციური სცენარებით“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „რიონის ხეობის გადასარჩენად“ წარმომადგენელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი