ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან დისკუსიების მეორე ეტაპს მართავს.
დანიელსონი შეხვდა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, შემდეგი შეხვედრა კი “ნაციონალურ მოძრაობასთნ” იმართება.
შეხვედრის შემდეგ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუ ოპოზიცია სამართლიანობის პრინციპით მიუდგება მოლაპარაკებებს, “შეთანხმება მიღწევადია”.
“შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი. რასაც ჩავთვლით სამართლიანად, იმას ხელს მოვაწერთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, ხოლო კითხვაზე, ვადამდელი არჩევნები რჩება თუ არა “წითელ ხაზად” მმართველი გუნდისთვის, უპასუხა: “სამართლიანობა არის ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ გვაქვს”.
ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკებების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესი სავარაუდოდ დღეს უნდა დასრულდეს.
“შეთანხმებული ვართ, რომ ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ დეტალებზე. გაიმართება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ამის შემდეგ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობით. ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება, მანამდე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი ფორმით”, – დასძინა კობახიძემ.
ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსობის ვიზიტი თბილისში დღეს სრულდება. დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად ხვდება.