ახალი ამბები

შსს აპირებს, “ფორმულას” სასამართლოში უჩივლოს სიუჟეტების გამო

14 მარტი, 2021 • 760
შსს აპირებს, “ფორმულას” სასამართლოში უჩივლოს სიუჟეტების გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ გადაცემაში გასული სიუჟეტების გამო სასამართლოში უჩივლებს. განცხადება სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა.

საქმე ეხება სიუჟეტებს, რომლებიც ტელეკომპანიის ეთერში იანვარსა და მარტში გავიდა. შსს-ს განცხადებით, 13 მარტს ტელეარხის ეთერში კვლავ გაისმა “ცრუ ინფორმაცია”, “თითქოს პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან”.

“აღნიშნული ტელეკომპანია, არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კვლავ აგრძელებს მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ამ გზით საზოგადოებაში პოლიციის მიმართ ნდობის შესუსტებას. ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ.

დღევანდელ სიუჟეტში მათ კვლავ გაიმეორეს კადრები, სადაც აპელირებენ თეთრი ფერის, “შკოდას” მარკის ავტომობილის გადაადგილებაზე, თუმცა ვერც წინა შემთხვევებში და ვერც დღეს ტელეკომპანიამ მაყურებელს პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა”, — აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, “მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას რეაგირების გარეშე არ დატოვებს, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი