ახალი ამბები

გორში დავაკავეთ პირი, რომელიც ქუჩაში უმისამართოდ ისროდა — შსს

13 მარტი, 2021 •
გორში დავაკავეთ პირი, რომელიც ქუჩაში უმისამართოდ ისროდა — შსს

პოლიციამ გორში დააკავა კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენა ედება ბრალად.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, დაკავებისას კი წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

“სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო ვაზნა.

შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 6 მასრა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულის სახლშიც, საიდანაც გადაჭრილი სანადირო თოფი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

ხსენებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი