პოლიციამ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ფაქტი ყვარლის რაიონში, სოფელ გავაზში მოხდა. დაკავებული მსხვერპლს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, მონობის მსგავს მდგომარეობაში ამყოფებდა და სცემდა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინეს.
უწყების თანახმად, ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სამუშაოდ 2019 წელს აიყვანა. ის მსხვერპლს დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში დასაქმებასა და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
“[ბრალდებულმა დაზარალებულს] რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე ფიზიკურად ძალადობდა მასზე.
2021 წლის 10 თებერვალს [ბრალდებულმა] კვლავ ფიზიკურად იძალადა [დაზარალებულზე] რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.
ნაცვლად იმისა, რომ [ბრალდებულს] უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად [დაზარალებული] 10 მარტს გარდაიცვალა”, — აცხადებს პროკურატურა.
პოლიციამ ბრალდებული 11 მარტს დააკავა. მას ედავებიან ტრეფიკინგს, ჩადენილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულსაღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, — ამბობს უწყება.